ჩეხეთის პრეზიდენტი პეტრ პაველი აცხადებს, რომ ნატო-მ ღიად უნდა აჩვენოს რუსეთის აგრესიაზე რეაგირების მზადყოფნა, წინააღმდეგ შემთხვევაში მოსკოვი ალიანსის გამოცდას და ევროპაში მისი საზღვრების შემოწმებას გააგრძელებს.
ამის შესახებ პაველმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.
„შესაძლოა დადგეს მომენტი, როდესაც მოგვიწევს ჩამოვაგდოთ ზოგიერთი თვითმფრინავი ან უპილოტო საფრენი აპარატი, რომლებიც ჩვენს მზადყოფნას ამოწმებენ“, - განაცხადა პაველმა.
მისი თქმით, ალიანსის წევრი ქვეყნები, ესკალაციის თავიდან აცილებას ცდილობენ, რაც სრულიად გასაგებია, თუმცა, ამან შესაძლოა არასწორი სიგნალი გაგზავნოს.
პაველის განცხადებით, მოსკოვი თავშეკავებას სისუსტედ აღიქვამს და მიმდინარე აგრესიით მოკავშირეების თავდაცვისუნარიანობას ამოწმებს.
„ვშიშობ, რომ ისინი ჩვენი მხრიდან გადამწყვეტი მოქმედების ნებას ვერ ხედავენ. რუსეთის აღქმით ეს სისუსტეს აჩვენებს. მათ კი ძალის ეშინიათ და ძალას სცემენ პატივს“, - განაცხადა ჩეხეთის პრეზიდენტმა.
პაველმა ასევე აღნიშნა, რომ ნატო-ს უკვე აქვს პროცედურები საჰაერო სივრცის შემთხვევითი დარღვევების შემთხვევაში, მათ შორის თვითმფრინავის გაფრთხილება და მასთან დაკავშირების მცდელობა. თუმცა, მისი თქმით, განსხვავებული რეაგირებაა საჭირო მაშინ, როდესაც საჰაერო სივრცის დარღვევა განზრახ ხდება და დამრღვევი გაფრთხილებებს არ პასუხობს.
პაველმა განაცხადა, რომ რუსეთის აგრესიული პოზიცია ევროპის უსაფრთხოებისთვის პირდაპირ საფრთხეს წარმოადგენს და გააფრთხილა, რომ ეს რისკი იზრდება.
მისი თქმით, ესკალაციის მსგავსი სქემა მისთვის ნატო-ში მუშაობის გამოცდილებიდან ნაცნობია. მან გაიხსენა, რომ რუსული თვითმფრინავები სირიაში ამერიკელ მფრინავებს ცდიდნენ და არაერთხელ არღვევდნენ თურქეთის საჰაერო სივრცეს, სანამ თურქეთმა 2015 წელს რუსული სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდო.
„ერთი მხრივ, ისინი პროვოცირებენ, მეორე მხრივ კი ცდიან, როგორი იქნება ჩვენი რეაქცია“, - განმარტა პაველმა.
პაველის თქმით,ნატო-ს უკვე აქვს საჰაერო სივრცის უნებლიე დარღვევებზე რეაგირების პროცედურები, მათ შორის ეკიპაჟების გაფრთხილება და მათთან დაკავშირების მცდელობა.
თუმცა მან ერთმანეთისგან განასხვავა შეცდომით გამოწვეული დარღვევები და იმ თვითმფრინავების მოქმედებები, რომლებიც მოკავშირეების საჰაერო სივრცეში განზრახ იჭრებიან და მათთან დაკავშირებაზე უარს ამბობენ.
„თუ ეს განზრახ ხდება და დამრღვევი ჩვენს ზომებს არ პასუხობს, მოგვიწევს მოქმედება, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში რუსეთი უბრალოდ წინსვლას გააგრძელებს“, - თვა ჩეხეთის პრეზიდენტმა.