აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ჯაშუშობის ბრალდებით დაპატიმრებული საფრანგეთის მოქალაქე, მარტინ რაიანი შეიწყალა.
გადაწყვეტილება ევროკავშირის მიერ რუსი მილიარდერის, ალიშერ უსმანოვისთვის სანქციების მოხსნიდან ერთი დღის შემდეგ გამოცხადდა.
ამის შესახებ Reuters წერს.
რაიანი 2023 წლის დეკემბერში დააკავეს და მიმდინარე წლის მარტში ჯაშუშობაში დამნაშავედ ცნეს. მას ბრალი ედებოდა აზერბაიჯანის სამხედრო თანამშრომლობის შესახებ თურქეთთან და პაკისტანთან საიდუმლო ინფორმაციის შეგროვება. აზერბაიჯანის ხელისუფლების განცხადებით, ის ასევე ცდილობდა ფრანგულ დაზვერვასთან თანამშრომლობისთვის ფრანგულენოვანი აზერბაიჯანელების გადაბირებას.
ევროპელმა დიპლომატებმა სააგენტოს განუცხადეს, რომ პარიზს კერძო საუბრებში ჰქონდა მითითებული, რომ ბაქო უსმანოვის წინააღმდეგ სანქციების საკითხს საფრანგეთზე ზეწოლისთვის იყენებდა. კერძოდ, საქმე ეხებოდა აზერბაიჯანში დაკავებულ საფრანგეთის ორ მოქალაქეს.
ერთ-ერთი მათგანი სწორედ მარტინ რაიანია. მეორე - ფრანგული წყლის მართვის კომპანია Saur-ის თანამშრომელი ანას დერაზი, რომელსაც 2025 წელს კორუფციის ბრალდებით 12 წლით პატიმრობა მიესაჯა. დერაზი ალიევის მიერ გამოცემული შეწყალების განკარგულებაში არ მოხვდა.
ამასთან, აზერბაიჯანის მაღალი რანგის დიპლომატმა ზეწოლის შესახებ ცნობებს „კატეგორიულად უსაფუძვლო“ უწოდა და განაცხადა, რომ ბაქო უსმანოვის დასავლეთის სანქციების სიებიდან ამოღებას ღიად უჭერდა მხარს, თუმცა დასავლეთის გადაწყვეტილებებზე გავლენის მოხდენის მცდელობა უარყო.
უსმანოვისა და კიდევ ერთი რუსი მილიარდერის, მიხაილ ფრიდმანის, ევროკავშირის სანქციების სიიდან ამოღების გადაწყვეტილება ევროკავშირის ელჩებმა 22 სექტემბერს მიიღეს. სანქციების რეჟიმი დაახლოებით 3 000 სხვა ფიზიკური და იურიდიული პირის წინააღმდეგ გაგრძელდა.
Reuters-ის ცნობით, საფრანგეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობები წლებია დაძაბულია, მათ შორის საფრანგეთის სომხეთთან მჭიდრო ურთიერთობებისა და ერევნისთვის იარაღის მიწოდების გამო.