ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს ცაჰკნამ განაცხადა, რომ საფრანგეთმა უნდა განმარტოს, რატომ მოითხოვდა წარმომავლობით უზბეკი რუსi მილიარდერის, ალიშერ უსმანოვისთვის ევროკავშირის სანქციების მოხსნას.
ამის შესახებ ცაჰკნამ Reuters-თან ინტერვიუში განაცხადა.
ევროკავშირის მუდმივი წარმომადგენლები 22 სექტემბერს შეთანხმდნენ, რომ უსმანოვი და კიდევ ერთი რუსი მილიარდერი, მიხაილ ფრიდმანი, რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების სიიდან ამოეღოთ. გადაწყვეტილება სანქციების დაახლოებით 3 000 სხვა ფიზიკური და იურიდიული პირის მიმართ გაგრძელების შესახებ კომპრომისული შეთანხმების ფარგლებში მიიღეს.
ცაჰკნას თქმით, საფრანგეთმა უსმანოვისთვის სანქციების მოხსნის საკითხზე მკაფიო პოზიცია დააფიქსირა, თუმცა შესაბამისი გადაწყვეტილების მიზეზების შესახებ დეტალური განმარტება არ ყოფილა.
„ერთმა ქვეყანამ ძალიან მკაფიო პოზიცია დააყენამ რომ ეს ორი ადამიანი სიიდან უნდა ამოეღოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ფაქტობრივად, სანქციების რეჟიმს დავკარგავდით. მათ უნდა განმარტონ ეს. დეტალური ახსნა არ ყოფილა“, - განაცხადა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ცაჰკნამ უსმანოვის სანქციების სიიდან ამოღებას „არასწორ დროს არასწორი გზავნილი“ უწოდა. მისი თქმით, გადაწყვეტილება განსაკუთრებით პრობლემურია იმ ფონზე, როდესაც რუსეთი უკრაინაზე ზეწოლას აძლიერებს და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს ახორციელებს.
Reuters-ის ცნობით, საფრანგეთმა ამ თვის დასაწყისში უსმანოვის სანქციებიდან ამოღებას ეროვნული უსაფრთხოების მიზეზებით დაუჭირა მხარი. ამასთან, სამმა ევროპელმა დიპლომატმა სააგენტოს განუცხადა, რომ საფრანგეთზე შესაძლოა აზერბაიჯანის მხრიდანაც ყოფილიყო ზეწოლა. მათი თქმით, პარიზში მიიჩნევდნენ, რომ ბაქო უსმანოვის საკითხს აზერბაიჯანში დაკავებული საფრანგეთის ორი მოქალაქის საქმესთან დაკავშირებით იყენებდა. ეს შეფასება აზერბაიჯანმა უარყო.
საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციას ამ საკითხზე საჯარო კომენტარი არ გაუკეთებია.