22 სექტემბრის ღამეს რუსეთის ძალებმა უკრაინის დნიპროპეტროვსკის ოლქზე ბალისტიკური რაკეტებით იერიში მიიტანეს. აფეთქებები ისმოდა დნიპროში, კრივი რიჰსა და პავლოგრადში.
დნიპროპეტროვსკის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლექსანდრ ჰანჯას განცხადებით, რუსეთის ძალებმა ერთდროულად სამ ქალაქში სამრეწველო საწარმოებს დაარტყეს. ობიექტებზე ხანძრები გაჩნდა. დნიპროში, არსებული ინფორმაციით, სამი ადამიანი დაშავდა.
კრივი რიჰზე სარაკეტო იერიში ქალაქის თავდაცვის საბჭოს ხელმძღვანელმა ოლექსანდრ ვილკულმაც დაადასტურა.
„ქალაქი ბალისტიკური რაკეტებით იერიშის ქვეშაა. შესაძლოა, კიდევ იყოს გაშვებები“, - განაცხადა ვილკულმა.
მისივე თქმით, რუსულმა ძალებმა იმავე სამიზნეებზე დამატებით ფრთოსანი რაკეტებითაც განახორციელეს დარტყმები.
მონიტორინგის არხებისა და სამხედროების წინასწარი ცნობებით, დნიპროსა და კრივი რიჰის წინააღმდეგ ოთხ-ოთხი ბალისტიკური რაკეტა იყო გაშვებული, პავლოგრადის წინააღმდეგ კი - სულ მცირე სამი.