უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, 21 სექტემბრის მდგომარეობით, მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის დაზიანების შემდეგ, რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი მრეწველობის საპროექტო სიმძლავრეების 45%-ზე მეტი მწყობრიდან გამოიყვანეს.
ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იუწყება.
გენშტაბის ინფორმაციით, 14-დან 20 სექტემბრამდე უკრაინის თავდაცვის ძალების დანაყოფებმა რუსეთის ტერიტორიაზე და დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე არაერთ მნიშვნელოვან ობიექტზე მიიტანეს იერიში. მათ შორის იყო საწარმოები, რომლებიც რუსეთის სამხედრო-ეკონომიკურ პოტენციალს უზრუნველყოფენ.
15 სექტემბრის ღამეს სამარის ოლქში მდებარე სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დარტყმის შედეგად დაზიანდა ნავთობის პირველადი გადამუშავების დანადგარი АВТ-6 და რეზერვუარების პარკი.
17 სექტემბრის ღამეს იერიში მიიტანეს იაროსლავში მდებარე „სლავნეფტ-იანოსის“ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე. საწარმოს წლიური საპროექტო სიმძლავრე დაახლოებით 15 მილიონი ტონა ნავთობია. დაზიანდა ნავთობის პირველადი გადამუშავების დანადგარი АВТ-3.
20 სექტემბერს თავდასხმა განხორციელდა მოსკოვის „გაზპრომნეფტ-მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე“. გენშტაბის ცნობით, დაზიანდა АВТ-6-ის დანადგარი, ნავთობის კომპლექსური გადამუშავების დანადგარი და იზომერიზაციის დანადგარი.
„ამრიგად, 2026 წლის 21 სექტემბრის მდგომარეობით, მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის დაზიანების შემდეგ, რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი მრეწველობის საპროექტო სიმძლავრეების 45%-ზე მეტი მწყობრიდან არის გამოსული“, — ნათქვამია უკრაინის გენშტაბის განცხადებაში.
გენშტაბის ცნობით, ამის ერთ-ერთი შედეგი რუსეთში ხარისხიანი საწვავის დეფიციტია. კერძოდ, მკვეთრად შემცირდა „ევრო-5/К5“ სტანდარტის ბენზინისა და დიზელის საწვავის წარმოების მოცულობა.
უკრაინის გენშტაბი აცხადებს, რომ რუსეთის სამხედრო-სამრეწველო და სამხედრო-ეკონომიკური პოტენციალისთვის მნიშვნელოვანი ობიექტების განადგურება უკრაინის მიერ გაერო-ს წესდების 51-ე მუხლით გათვალისწინებული თავდაცვის განუყოფელი უფლების განხორციელებაა და რუსეთის სამხედრო-ეკონომიკური პოტენციალის შემცირებას ისახავს მიზნად.