აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ თეთრ სახლში აკრედიტაციის ჩამორთმევის შემდეგ, სამი ეროვნული საინფორმაციო საშუალება – CNN, MS NOW და Politico, პირველი შესწორებით დაცული უფლებების დასაცავად და თეთრ სახლში წვდომის აღსადგენად, სარჩელს შეიტანს. ინფორმაციას CNN ავრცელებს.
საგანგებო მოთხოვნა ვაშინგტონის ფედერალურ სასამართლოში უნდა განიხილონ და შესაძლოა, სასამართლო მოსმენა და ადმინისტრაციის მხრიდან სამართლებრივი არგუმენტების წარდგენა ამ კვირაშივე დაიწყოს.
„გაფრთხილებისა და შესაბამისი პროცედურის გარეშე, თეთრმა სახლმა ჩვენს ჟურნალისტებს აკრედიტაციები გაუუქმა იმის გამო, რომ ჩვენი გაშუქება არ მოსწონდათ. ეს რეაგირების გარეშე თუ დარჩება, საფრთხეს შეუქმნის პრესის თავისუფლებას და საზოგადოების უფლებას, ჰქონდეს დამოუკიდებელი ჟურნალისტიკა, რომელიც თავისუფალია ხელისუფლების ჩარევისგან“, – აღნიშნულია სამი საინფორმაციო საშუალების ერთობლივ განცხადებაში.
შეგახსენებთ, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სამი დღის წინ განაცხადა, რომ CNN-ს, MSNBC-სა და Politico-ს, „ყალბი ამბების გავრცელების“ გამო, თეთრ სახლში შესვლას უკრძალავს.