აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი და კიევი Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის განკუთვნილი რაკეტების წარმოების ლიცენზიის საკითხზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ.
„ჩვენ ამას განვიხილავთ“, - განაცხადა ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას. მისი თქმით, საუბარია Patriot-ის რაკეტების ნაკლებად განვითარებული მოდიფიკაციის წარმოების შესაძლო ლიცენზირებაზე.
ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ-ს Patriot-ის რაკეტების დიდი მარაგი აქვს და ამჟამად მათი წარმოება გაზრდილია.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ სექტემბრის დასაწყისში განაცხადა, რომ ვაშინგტონსა და კიევს შორის მოლაპარაკებები ლიცენზიის საკითხზე მიმდინარეობს, თუმცა უკრაინაში წარმოების დაწყებას რამდენიმე წელი დასჭირდება და ეს ქვეყნის საჰაერო თავდაცვის საჭიროებების მოკლევადიან გადაწყვეტად ვერ ჩაითვლება.
უკრაინა Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიის მიღებას ცდილობს, რათა გრძელვადიან პერსპექტივაში საჰაერო თავდაცვის სისტემების საბრძოლო მასალით მომარაგების შესაძლებლობა გაზარდოს.