2022 წლის 24 თებერვლიდან 2026 წლის 29 სექტემბრამდე, რუსეთის მიერ გაჩაღებულ უკრაინის ომში, სულ მცირე 490 000 რუსი სამხედრო დაიღუპა. ბრძოლებში უგზოუკვლოდ დაკარგულთა ჩათვლით, ეს მაჩვენებელი შესაძლოა 700 000-ს აჭარებდეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია 23 ნოემბერს გაავრცელეს "მედუზამ" და "მედიაზონამ".
მედიასაშუალებების ეს ინფორმაცია ეყრდნობა "როსსტატის" მონაცემებს, რომლებიც "ბელარუსის კიბერპარტიზანების" და Silent Crow-ის ჰაკერულმა ჯგუფებმა გატეხეს. მოგვიანებით, ინფორმაცია ჟურნალისტებმა გადაამოწმეს.
რუსეთმა ყველაზე დიდი დანაკარგები 2025 წლის გაზაფხულზე განიცადა: The Insider-ის ცნობით, სამ თვეში დაღუპულთა რიცხვმა 61 000-ს გადააჭარბა. ამ პერიოდში ფართომასშტაბიანი ბრძოლები პოკროვსკის სექტორში მიმდინარეობდა.
აპრილის დასაწყისში 1340-ზე მეტი შეტაკება დაფიქსირდა, რომელთა მესამედზე მეტი პოკროვსკის მახლობლად მოხდა. კუპიანსკის, ლიმანის, ჩასოვ იარის, ტორეცკის და პოკროვსკის მიმართულებით წინსვლამაც მნიშვნელოვანი დანაკარგები გამოიწვია.
ფედერალური სახელმწიფო სტატისტიკის სამსახურის (როსსტატი) ვებსაიტი 1 ნოემბრის ღამეს გატეხეს.
ჰაკერებმა განაცხადეს, რომ სხვა საკითხებთან ერთად, მათ წვდომა მოიპოვეს როსსტატის ელექტრონული დოკუმენტების მართვის სისტემასა და მონაცემთა ბაზაზე, რომელიც შეიცავდა სტატისტიკურ, ეკონომიკურ, პერსონალურ ინფორმაციას და აღწერის მონაცემებს. Silent Crow-ს ცნობით, როსსტატის ინფრასტრუქტურაში მუშაობის დროს, დაახლოებით 23 ტერაბაიტი ინფორმაცია მოიპოვეს.