დიდ ბრიტანეთში, ავიამიმოსვლის მართვის სისტემებში ტექნიკური ხარვეზის გამო, აეროპორტებში მასშტაბური პრობლემები შეიქმნა.
ამის შესახებ Sky News წერს.
Flightradar24-ის ბოლო მონაცემებით, ბრიტანეთის დროით 18:00 საათისთვის უკვე 625 რეისი იყო გაუქმებული. მხოლოდ Ryanair-ის 65 ათასი მგზავრი დაზარალდა რეისების გაუქმებისა და დაგვიანების გამო.
ლონდონის ჰითროუს აეროპორტში 132 გამგზავრება გაუქმდა, 199 რეისი კი დაგვიანდა. მთლიანობაში, ლონდონზე გაუქმებული რეისების 60% მოდის.
მიუხედავად იმისა, რომ ბრიტანეთის ეროვნული საჰაერო მოძრაობის სამსახურმა განაცხადა, რომ სისტემის მუშაობა თანდათან აღდგა, აეროპორტების უმეტესობას ნორმალურ რეჟიმში მუშაობა ჯერ არ განუახლებია.