„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარემ, ირაკლი ფავლენიშვილმა განათლების სამინისტროსთან გამართულ ბრიფინგზე მინისტრ გივი მიქანაძეს მიმართა და განმარტება მოსთხოვა, რატომ ფუნქციონირებს თბილისში სკოლები, რომლებსაც, მისი მტკიცებით, ავტორიზაცია არ გაუვლიათ.
მისი განცხადებით, ასეთ სკოლებში ბავშვები არ იღებენ ქართულ განათლებას და მათ შორის ვრცელდება მოსაზრება, რომ საქართველო აგრესორია, აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი კი დამოუკიდებელი ქვეყნებია.
„განათლების სამინისტრო არის ქცეული მორდორის კიდევ ერთ კარიბჭედ საქართველოში. სწორედ რომ განათლების სამინისტრო რუსეთიდან ანუ მორდორიდან შემოსულ ხალხს უფლებას აძლევს სოკოებივით გაამრავლოს რუსული სკოლები და ბაღები თბილისის ტერიტორიაზე.
ბევრი სხვა სკოლაა თბილისში, სადაც ბავშვები რუსული კურიკულუმით სწავლობენ. სწავლობენ იმას, რომ საქართველო არის აგრესორი, რომ აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელი ქვეყნებია და ეს ბავშვები საერთოდ არ იღებენ ქართულ განათლებას, არ სწავლობენ ქართულ ენას და ყალიბდებიან პარალელურ საზოგადოებად.
რუსები ხსნიან ბიზნესებს, სკოლებს, მერე აქ, ისე ყალიბდებიან, რომ საერთოდ გაუცხოება აქვთ ქართულ საზოგადოებასთან იმიტომ, რომ ქართულ ენასაც არ სწავლობენ და საბოლოო ჯამში, საქართველოში ხდება ქართველი მოქალაქეების ჩანაცვლება. არამხოლოდ რუსეთის და ოკუპანტების შემთხვევაში, ნებისმიერი, სხვა ქვეყნის შემთხვევაში დაუშვებელია არააკრედიტებული სკოლები. მთავარია საქართველოს ეროვნული ინტერესი და არ შეიძლება საქართველოს ეროვნული ინტერესი იყოს ის, რომ აქ, ათიათასობით ბავშვი და არამხოლოდ რუსი ბავშვები, სხვა ეროვნების ბავშვები თუნდაც, საკუთარ ენაზე, მშობლიური კურიკულუმებით იღებდნენ განათლებას. მაგალითად, მოსკოვის, ვორონეჟის და სხვა ქალაქების სკოლების ფილიალებია გახსნილი, მერე, საბოლოო ჯამში, ყალიბდებიან მოქალაქეებად, რომელსაც არანაირი შემხებლობა არ აქვს საქართველოსთან და ქართველობასთან. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, ეს რეჟიმი, რომელსაც ანტიქართული, ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკა აქვს და რუსიფიკაციას უწყობს ხელს, მალევე ჩამოშორდეს ძალაუფლებას.
ბატონ მიქანაძეს და სხვებს ვუსვამ კითხვას, არაავტორიზებული სკოლები რატომ ფუნქციონირებს თბილისში, რატომ მრავლდება სოკოებივით, ათიათასობით ბავშვი, რატომ იღებს განათლებას, რომელსაც საქართველოს მოქალაქეობასთან საერთოდ შეხება არ აქვს“, - განაცხადა ფავლენიშვილმა.