ევროკომისიამ უნგრეთის მიერ რუსეთის საელჩოს 10 თანამშრომლის გაძევებას მხარი დაუჭირა და განაცხადა, რომ ეს რუსეთის მიერ ევროკავშირისა და მისი წევრი სახელმწიფოების წინააღმდეგ განხორციელებულ ჰიბრიდულ თავდასხმებზე მოსალოდნელი რეაქციაა.
ევროკომისიის საგარეო საქმეთა საკითხების სპიკერმა კრისტიან ვიგანდმა განაცხადა, რომ კომისია უნგრეთის გადაწყვეტილებას ლეგიტიმურად მიიჩნევს.
„ეს მოსალოდნელი რეაქციაა რუსეთის მიერ ევროკავშირისა და მისი წევრი სახელმწიფოების წინააღმდეგ ჰიბრიდული თავდასხმების გამოყენების მუდმივი კამპანიის გათვალისწინებით. ევროკავშირი სრულ სოლიდარობას უცხადებს უნგრეთს და კიდევ ერთხელ ადასტურებს მხარდაჭერას ყველა წევრი სახელმწიფოს დიპლომატიური და საკონსულო საქმიანობის მიმართ, რომელიც საერთაშორისო სამართლის შესაბამისად ხორციელდება“, - განაცხადა ვიგანდმა.
მისივე თქმით, ევროკავშირი გააგრძელებს უნგრეთთან და სხვა წევრ სახელმწიფოებთან მჭიდრო კოორდინაციას და ევროკავშირის მოქალაქეების ინტერესებისა და უფლებების დაცვას.
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანიტა ორბანმა 8 სექტემბერს განაცხადა, რომ ბუდაპეშტმა რუსეთის დიპლომატიური მისიის 10 თანამშრომელს ქვეყნის დატოვება მოსთხოვა. მისი თქმით, ისინი უნგრეთში ისეთ საქმიანობას ეწეოდნენ, რომელიც ვენის კონვენციის შესაბამისად, დიპლომატებისთვის მიუღებელია.
მიუხედავად ამისა, ბუდაპეშტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტას არ ნიშნავს. მოსკოვმა კი განაცხადა, რომ უნგრეთის გადაწყვეტილებას „მკაცრი და მტკივნეული“ პასუხი მოჰყვება.