რუსულმა დრონმა კიევში, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ცენტრალურ შენობაში უწყების ხელმძღვანელის დროებით მოვალეობის შემსრულებლის, გენერალ-მაიორ ოლექსანდრ პოკლადის კაბინეტს დაარტყა. თავდასხმის დროს პოკლადი კაბინეტში არ იმყოფებოდა. ინფორმაციას უკრაინული მედია წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
დარტყმის შედეგად შენობაში ხანძარი გაჩნდა, რომლის ლიკვიდაციაც მიმდინარეობს.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა, რომ დრონი უსაფრთხოების სამსახურის უშუალოდ ხელმძღვანელის კაბინეტისკენ იყო მიმართული. მისი თქმით, პოკლადი თავდასხმას გადაურჩა. ზელენსკიმ უწყების ხელმძღვანელს დაავალა, რომ რუსების ქმედებაზე ადეკვატური და ხელშესახები რეაგირება მოახდინონ.
„ვესაუბრე უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის უფროსს, ალექსანდრ პოკლადს. სამწუხაროდ, რუსულმა დრონმა კიევში, ვოლოდიმირსკას ქუჩაზე, წმინდა სოფიას ტაძრის მოპირდაპირე მხარეს, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ცენტრალურ შენობას დაარტყა. ადგილზე მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების ყველა სამსახური. ყველა დაზარალებული მიიღებს საჭირო დახმარებას. დრონი პირდაპირ უსაფრთხოების სამსახურის უფროსის კაბინეტისკენ იყო მიმართული. პოკლადს დავავალე, რომ რუსების ქმედებაზე ადეკვატური და ხელშესახები რეაგირება მოახდინონ, შესაძლებლობის შემთხვევაში, ამ დარტყმას სარკისებურად უპასუხონ, როგორც კი ყველაფერი მზად იქნება. ჩვენი სამხედროები მხარს დაუჭერენ ამ რეაგირებას“, - აღნიშნა ზელენსკიმ.