რუსეთის მიერ კიევის ოლქში Coca-Cola-ს ობიექტზე განხორციელებული დარტყმა არ არის იზოლირებული ინციდენტი, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრი სიბიჰა სოვიალურ ქსელში წერს.
„რუსეთის მიერ კიევის ოლქში Coca-Cola-ს ობიექტზე განხორციელებული დარტყმა არ არის იზოლირებული ინციდენტი. ეს არის ამერიკული ბიზნესის ინტერესებზე მორიგი მიზანმიმართული თავდასხმა და რუსეთის უფრო ფართო სტრატეგიის ნაწილია, რომელიც აშშ-ის ეკონომიკის დაზიანებასა და ამერიკული კომპანიების საერთაშორისო ბაზრებიდან განდევნას ისახავს მიზნად.
მხოლოდ ძალა დააყენებს მოსკოვს თავის ადგილზე. ამ თვალსაზრისით, ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატას, მიიღოს კანონი რუსეთისთვის სანქციების დაწესების შესახებ", - წერს სიბიჰა.
ცნობისათვის, კიევის ოლქში, ბროვარიში, Coca-Cola-ს საწარმო 3 სექტემბერს რუსული დრონის თავდასხმის შედეგად დაზიანდა.
„3 სექტემბერს ბროვარიში ჩვენი საწარმო დრონების თავდასხმის შედეგად დაზიანდა. მოხარული ვართ, დავადასტუროთ, რომ ჩვენი ყველა თანამშრომელი უსაფრთხოდ არის და არავინ დაშავებულა“, – განაცხადეს კომპანიაში.
Coca-Cola-ში ასევე აღნიშნეს, რომ საწარმოსთვის მიყენებული ზარალის შესაფასებლად შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან თანამშრომლობენ.