4 სექტემბრის ღამეს უკრაინის თავდაცვის ძალებმა ქალაქ სოჭის მახლობლად ოკუპანტების საჰაერო თავდაცვის დივიზიონზე დარტყმა განახორციელეს, რის შედეგადაც სამხედრო ობიექტზე ხანძარი გაჩნდა.
ამის შესახებ უკრაინული მედია რუსული დამოუკიდებელ გამოცემა ASTRA-ს OSINT-ანალიზსა და მონიტორინგის Telegram-არხებზე დაყრდნობით იუწყება.
სოჭის მცხოვრებლები ღამით აფეთქებების შესახებ იტყობინებოდნენ, რასაც სამხედრო ობიექტზე ხანძარი მოჰყვა.
თვითმხილველების მიერ გადაღებული ვიდეოების OSINT-ანალიზის მიხედვით, ხანძარი სირიუსის დასახლების რაიონში, მდინარე ფსოუსთან, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიის - აფხაზეთის ე.წ.საზღვრის სიახლოვეს გაჩნდა. ანალიტიკოსების ცნობით, სწორედ ამ ტერიტორიაზე რუსული С-300 ან С-400 ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსია განთავსებული.
გარდა ამისა, სოჭში ნავთობბაზაზე ხანძარი გაჩნდა. ადგილობრივების ცნობით, ძლიერი ცეცხლის ალი რამდენიმე კილომეტრის მანძილიდანაც ჩანდა.