ატლანტის ოკეანეში, კანარის კუნძულებთან, დასავლეთ აფრიკიდან მიმავალი ნავის კატასტროფის შედეგად დაახლოებით 80 ადამიანი დაიღუპა. ნავზე 128 ადამიანი იმყოფებოდა, რომელთა ნაწილის გადარჩენა მოხერხდა.
ინფორმაციას Sky News ავრცელებს. ნავი გამბიიდან 7 აგვისტოს გავიდა. 27 დღის შემდეგ ის გრან-კანარიის სამხრეთ სანაპიროსთან აღმოაჩინეს.
მაშველებმა ნავს დაახლოებით შუაღამისას მიაგნეს და გადარჩენილები არგინეგინის პორტში გადაიყვანეს.
კანარის კუნძულების მთავრობის ხელმძღვანელმა ფერნანდო კლავიხომ მომხდარს ატლანტის მიგრაციული მარშრუტის საშიშროების კიდევ ერთი შეხსენება უწოდა.
მისი თქმით, ზღვაში ადამიანების დაღუპვა ნორმად არ უნდა იქცეს და პრობლემა მიგრაციის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებას საჭიროებს.