გერმანიის ბრანდენბურგის ფედერალურ მიწაზე, იენშვალდეს ელექტროსადგურთან ახლოს მდებარე ელექტროქვესადგურის ტერიტორიაზე, ასაფეთქებელი და ცეცხლგამჩენი მოწყობილობები აღმოაჩინეს. ინციდენტი 1-ელ სექტემბერს მოხდა.
პოლიციის ინფორმაციით, მოწყობილობები ქალაქ შპრეე-ნაისეს რაიონში, ტურნოვ-პრაილაკის ქვესადგურის ტერიტორიაზე იპოვეს. ადგილზე სპეციალისტები და გამნაღმველები მუშაობდნენ. პოლიციამ განაცხადა, რომ აღმოჩენილი იყო ე.წ. არასტანდარტული ასაფეთქებელი და ცეცხლგამჩენი მოწყობილობები.
პოლიციის ცნობით, შემთხვევის შედეგად მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება. ასევე არ დაფიქსირებულა ელექტროენერგიის მიწოდების ფართომასშტაბიანი შეფერხება.
ამასთან, ენერგოკომპანია LEAG-ის განცხადებით, შემთხვევა სავარაუდო თავდასხმას ჰგავს. კომპანიის ინფორმაციით, ქვესადგური, რომლის მეშვეობითაც იენშვალდეს ელექტროსადგურში გამომუშავებული ელექტროენერგია გადამცემ ქსელში მიეწოდება, დაზიანდა და ელექტროსადგურის ერთ-ერთი ბლოკი ტექნიკური შეფერხების გამო გაითიშა.
გამოძიება ბრანდენბურგის სახელმწიფო კრიმინალური პოლიციის სამსახურმა გადაიბარა. ამ ეტაპზე ინციდენტის უკან მდგომი პირები ან შესაძლო მოტივი ოფიციალურად დადგენილი არ არის.
ინციდენტი გერმანიაში კრიტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ შესაძლო საბოტაჟის შესახებ მზარდი შეშფოთების ფონზე მოხდა. ამავე დღეს გერმანია ლაიფციგის აეროპორტში უკრაინულ სატვირთო თვითმფრინავზე ასაფეთქებელი დრონით შესაძლო თავდასხმის საქმეზე რუსეთის პასუხისმგებლობის ოფიციალურად დასახელებასაც ელოდება.