ევროკომისარი გაფართოების საკითხებში მარტა კოსი აცხადებს, რომ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში მონტენეგრო, ალბანეთი, უკრაინა და მოლდოვა მოწინავე პოზიციებს ინარჩუნებენ.
კოსის თქმით, გაფართოების პროცესი ახალ დინამიკას იძენს და ევროკავშირის წევრობის პერსპექტივა კანდიდატი ქვეყნებისთვის კვლავ მიმზიდველია.
„ევროპა დღეს უფრო მიმზიდველია, ვიდრე ოდესმე“, - განაცხადა კოსმა.
მისი თქმით, ევროკავშირის გაფართოება მხოლოდ ეკონომიკურ კეთილდღეობას აღარ უკავშირდება და ის ასევე ევროპის მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის საშუალებაა.
„ოთხივე ქვეყანა - უკრაინა, მოლდოვა, მონტენეგრო და ალბანეთი ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში მოწინავე პოზიციებზეა. დღეს ოთხივე კანდიდატმა მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა წინ. სწორედ ამიტომ, ამ დღეს „სუპერ სამშაბათი“ ვუწოდეთ.
გაფართოების პროცესის დინამიკა ძლიერდება. ახლა უკვე შეუძლებელია იმის უარყოფა, რომ უკრაინა, მოლდოვა, მონტენეგრო და ალბანეთი მალე ევროკავშირის წევრი ქვეყნები გახდებიან“, - განაცხადა ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში მარტა კოსმა.
კოსმა განსაკუთრებით აღნიშნა მოლდოვის პროგრესი.
.მისი თქმით, ქვეყანა რეფორმებს რეკორდული ტემპით ახორციელებს.
„მოლდოვა ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მზადების პროცესში პირველ პოზიციაზეა“, - აღნიშნა კოსმა.