ამ დღეებში ასამდე ვერსიას მოისმენთ, მაგრამ შეიძლება, ვიღაცისთვის ყველაზე დაუჯერებელი იყოს, რომ ამ ეტაპზე მართლა ეს იყო ჩემი გულწრფელი სურვილი. მე არ გეუბნებით, რომ დაბრუნებას ვაპირებ ან ახლა წინასწარ ვერ გეტყვით დავბრუნდები, არ დავრუნდები. დავბრუნდები, თუ ძალიან დავჭირდები გუნდს და სხვა გამოსავალი არ იქნება, – ამის შესახებ მამუაკ მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
„გარანტირებულად შემიძლია, გითხრათ, რაღაც გვერდებიდან შემოსვლას და შემოჩოჩებას რომ ცდილობენ ხოლმე პოლიტიკაში, ეს ჩემგან არ იქნება. ჩემი სტილი რომ არ არის ამაში ალბათ ბევრი დარწმუნებული ბრძანდებით. ეს ერთი. დავუშვათ რომ მეფიქრა, გუნდში არავინაა, ვინც ჩემს გარდა რეგიონებს მიხედავს, ნამდვილად არ მივიღებდი ამ გადაწყვეტილებას. ჯერ წუხელ პრემიერ-მინისტრს დიდი ხნის განმავლობაში ვესაუბრე, დღეს დილით ასევე ვესაუბრე პარტიის საპატიო თავმჯდომარეს და ჩვენ სამ ადამიანს შორის, დეტალებში ჩავდივარ სპეციალურად, შედგა ის საუბარი, რომ მე მირჩევნია გავიწიო. ისეთი ასაკის შვილები მყავს, ბევრი საკითხი იყო, რაც შეიძლება, გარეთ ცოტა დამაჯერებლად არ ხმოვანდებოდეს, ხომ?! საერთოდ ხანდახან არის, შეთქმულების თეორიები უფრო დამაჯერებელ ხასიათს იძენს ხოლმე, ვიდრე რეალობაა. შეიძლება, ამასთან გვქონდეს ამ შემთხვევაში საქმე, მაგრამ ეს ნამდვილად ასე იყო. ამ პოზიციიდან ჩემი გადადგომა ნამდვილად ჩემი ინიცირებული იყო, ამაზე ბევრი კითხვა დაისმება და ამიტომ ვუსვამ ხაზს. ასევე შემიძლია, გითხრათ, ამის უფლებაც ავიღე, რომ გუნდის იმ ორი ლიდერის მხრიდან, ბატონი ბიძინასა და ბატონი ირაკლის მხრიდან არ იყო თავიდანვე ის რეაქცია, რომ დამთანხმებოდნენ, მაგრამ დავარწმუნე, ჩემთვის ასე სჯობდა. ჩემი პოზიცია დღეს არ იყო ისეთი, რომ შემცვლელი ვერ გამოეძებნათ. ამის მადლიერი ვარ და ვფიქრობ, სხვა სფეროშიც თუ ჩემს ძალებს მოვსინჯავ, პირადად ჩემთვის და უკაცრავად, რომ საკუთარ თავზე და ოჯახზე ვფიქრობ, ცოტა პოლიტიკოსისგან ეს მთლად შეიძლება, კარგად არ ხმოვანდებოდეს, მაგრამ ჩემთვის შეიძლება, უკეთესი იყოს. გუშინ არ დამიწყია ამაზე ფიქრი, ბოლო კვირების განმავლობაში ვფიქრობდი ბევრს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
რაც შეეხება კითხვას, „თანამდებობის დატოვებას ხომ არ უძღოდა წინ რაიმე საკითხზე აზრთა სხვადასხვაობა, ან დაპირისპირება გუნდში სხვა ლიდერებთან“, – მდინარაძემ აღნიშნული გამორიცხა.
„პირდაპირ შემიძლია, გითხრათ, რომ პრემიერისა და პარტიის საპატიო თავმჯდომარის გარდა, საქმის კურსშიც კი, უკაცრავად ყველასთან, ჩემს მეგობრებთან, ჩემს თანაგუნდელებთან – ასე სჯობს ხოლმე წინასწარ გახმაურებას და აჟიოტაჟის ატეხვას – არავისთან გამივლია კონსულტაცია, გულწრფელად გეუბნებით. წუხელ შედგა საუბარი ჩემსა და პრემიერს შორის, დიდი ხნის განმავლობაში ვისაუბრეთ ამ თემაზე, ბევრ თემაზე ვისაუბრეთ, ამ თემაზე ძირითადად. დღეს დილით, ათ საათზე, სამმა ადამიანმა დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში ვილაპარაკეთ. ეს იყო სულ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.