აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილის ელბრიჯ კოლბის, 27 აგვისტოს ბრიუსელში, ნატო-ს შტაბ-ბინაში ვიზიტი აშშ-ის მიერ ევროპაში სამხედრო ძალების განლაგებისა და სტრუქტურის გადახედვას უკავშირდება. თუმცა, შეხვედრაზე შესაძლოა უკრაინისთვის Patriot-ის სისტემების ჩამჭრელი რაკეტებით უზრუნველყოფის საკითხიც განიხილონ. ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება.
ნატო-სა და დიპლომატიურ წრეებში კოლბის ვიზიტის მთავარი თემა ევროპულ კონტინენტზე აშშ-ის სამხედრო ძალების ყოფნის განხილვაა, თუმცა მოლაპარაკებების დროს შესაძლოა უკრაინის სამხედრო დახმარების საკითხიც წამოიჭრას.
„შეერთებული შტატები მოკავშირეებთან კონსულტაციებს მართავს საკუთარი ძალების ევროპაში განლაგებისა და სტრუქტურის გადახედვის ფარგლებში. აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილე პოლიტიკის საკითხებში მიმდინარე კონსულტაციების ფარგლებში ხვალ ჩაერთვება ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომაში“,-განაცხადა ნატო-ს ერთ-ერთმა წარმომადგენელმა.
ბრიუსელში დიპლომატიურ წრეებში მედიას ასევე დაადასტურეს, რომ 27 აგვისტოს ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომის მთავარი მიზანი ევროპაში აშშ-ის ძალების განლაგებისა და სტრუქტურის გადახედვის საკითხის განხილვაა.
ამასთან, ნატო-ს დიპლომატების განცხადებით, ამერიკელ მაღალჩინოსანთან დისკუსიის დროს შესაძლოა უკრაინის საკითხიც განიხილონ.
კერძოდ, როგორც უკრაინული მედიისთვის გახდა ცნობილი, ოთხშაბათს, 26 აგვისტოს, გაიმართა ჩრდილოატლანტიკური საბჭოს კიდევ ერთი სხდომა ნატო-ს ელჩების დონეზე, რომელზეც, სხვა საკითხებთან ერთად, უკრაინის საკითხებიც განიხილეს.
სხდომაზე საუბარი იყო უკრაინისთვის სამხედრო დახმარების დაუყოვნებლივ გაზრდის აუცილებლობაზე - კერძოდ, PAC-3-ის ტიპის რაკეტებისა და Patriot-ის სისტემების მიწოდებაზე, რომლებიც უკრაინას ამ ეტაპზე ყველაზე მეტად სჭირდება.
ასევე განიხილეს უკრაინის ფინანსური დახმარების საკითხი, მათ შორის, ქვეყნის თავდაცვის ბიუჯეტში არსებული დეფიციტის დასაფარად.
27 აგვისტოს ბრიუსელში, ნატო-ს შტაბ-ბინაში, აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილე პოლიტიკის საკითხებში, ელბრიჯ კოლბი, ვიზიტით იმყოფება. ის ნატო-ს გენერალურ მდივან მარკ რუტეს შეხვდება და ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომაში, ალიანსის წევრი ქვეყნების ელჩებთან ერთად, მიიღებს მონაწილეობას.