ტრამპის ადმინისტრაციამ მთელი მსოფლიოს მასშტაბით საიმიგრაციო ვიზების განაცხადების მიღება შეაჩერა, რაც საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრების მიმდინარე კამპანიის ნაწილია.
სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა სამშაბათს, 25 აგვისტოს, განაცხადა, რომ დეპარტამენტმა მსოფლიოს მასშტაბით აშშ-ის საელჩოებსა და საკონსულოებში პერსონალის გადამზადება დაიწყო, რის გამოც სავიზო განაცხადების მიღების გრაფიკი ამ ღონისძიებების გათვალისწინებით გაიწერება.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ტრენინგის ან მისი ჩატარების ვადების შესახებ არაფერი დააკონკრეტა და მხოლოდ განაცხადა, რომ პროცესის მიზანია დაეხმაროს საკონსულო ოფიცრებს იმ განმცხადებლების შემოწმებაში, რომლებიც, მათი აზრით, შეიძლება დამოკიდებული გახდნენ აშშ-ის მთავრობის შეღავათებზე და უზრუნველყოს ვიზის განმცხადებლების „ყოვლისმომცველი და თანმიმდევრული“ შეფასება.
მანამდე, The Financial Times-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ საიმიგრაციო ვიზის განმცხადებლებს, რომელთაც აშშ-ის საკონსულოეში გასაუბრება ჰქონდათ დანიშნული, ელექტრონული ფოსტით ეცნობათ, რომ მათი ინტერვიუები გადაიდო და ახალი თარიღის შესახებ მოგვიანებით ეცნობებოდათ.
შეგახსენებთ, 21 აგვისტოს მანჰეტენის სასამართლომ გააუქმა აშშ-ის მთავრობის გადაწყვეტილება, რომელიც 21 იანვრიდან 75 ქვეყნის მოქალაქეებისთვის განუსაზღვრელი ვადით საიმიგრაციო ვიზების გაცემის შეჩერებას გულისხმობდა.