უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის ყოფილ მოადგილეს, ირინა მუდრას აღკვეთის ღონისძიების სახით 60-დღიანი პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ მიიღო. იუწყება უკრაინული მედია.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, მუდრა გათავისუფლებას 20 მილიონი გრივნის გირაოს გადახდის შემთხვევაში შეძლებს. სასამართლოს სხდომის შემდეგ მუდრამ განაცხადა, რომ საჭირო თანხის შეგროვებას შეეცდება.
მუდრამ აღნიშნა, რომ 17 წელია, მუშაობს და ამ დროის განმავლობაში „საკმარისი კონტაქტები“ დააგროვა. მისივე თქმით, ადვოკატები სასამართლოს გადაწყვეტილების სამართლებრივ საფუძვლებს შეაფასებენ და საჭიროების შემთხვევაში გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ.
ცნობისთვის, ირინა მუდრას წინააღმდეგ გამოძიებას უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიურო და სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურა აწარმოებენ. უწყებების განცხადებით, საქმე მაღალი დონის კორუფციის სავარაუდო სქემას ეხება. გამოძიების ინფორმაციით, მუდრა იმ პირთა ჯგუფში შედიოდა, რომლებიც დანაშაულებრივი გზით მოპოვებული თანხების ლეგალიზებაში იყვნენ ჩართული. საუბარია დაახლოებით 150 მილიონ გრივნაზე, ანუ დაახლოებით 3,3 მილიონ დოლარზე ნაღდი ფულის სახით.
ანტიკორუფციული გამოძიების ფონზე, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ირინა მუდრა პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობიდან გაათავისუფლა.