სომხეთის ყოფილი პრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი და მისი უფროსი ვაჟი, სედრაკ ქოჩარიანი, დააკავეს. ინფორმაცია დაადასტურა სომხეთის ანტიკორუფციულმა კომიტეტმა.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ ანტიკორუფციულმა კომიტეტმა კორუფციის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის გამოძიების ფარგლებში რამდენიმე ათეულ მისამართზე ჩხრეკა ჩაატარა.
როგორც ცნობილია, სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურისა და ანტიკორუფციული კომიტეტის თანამშრომლები სამშაბათიდან ჩხრეკას ატარებენ ყოფილი პრეზიდენტის, რობერტ ქოჩარიანისა და მისი მეორე ვაჟის, პარლამენტის წევრ ლევონ ქოჩარიანის სახლებში.
მედიის ცნობით, სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლები ასევე ჩხრეკენ სპორტულ ცენტრ Orange Fitness-ს, რომელიც ქოჩარიანების ოჯახთან არის დაკავშირებული.
სომხური მედიის ცნობით, დღეს დილით საგადასახადო ორგანოებმა Toyota-ს ერევნის ოფისი დალუქეს, რომლის ერთ-ერთი აქციონერი ქოჩარიანის უფროსი ვაჟი, სედრაკ ქოჩარიანია.
ამ ეტაპზე სომხეთის ანტიკორუფციულ კომიტეტს ბრალდებების შესახებ დამატებითი დეტალები არ გაუვრცელებია.