უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთს წელიწადში 1 300-მდე ბალისტიკური რაკეტის წარმოება პოტენციურად შეუძლია, ამჟამად კი მის არსენალში დაახლოებით 600–630 ასეთი რაკეტაა.
ზელენსკიმ ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსეთი თვეში დაახლოებით 100 ბალისტიკური რაკეტის წარმოების დონეზე გასვლას ცდილობს, თუმცა ამ მაჩვენებელს ჯერჯერობით ვერ მიაღწია.
„ვფიქრობ, რუსეთს წელიწადში 1 300-მდე ბალისტიკური რაკეტის ქონა შეუძლია. ამჟამად მათ 600–630 რაკეტა აქვთ. დაახლოებით გვესმის, რა რაოდენობის დაგროვებას გეგმავენ დღეიდან ზამთრის ბოლომდე.
მათ თვეში დაახლოებით 100 ბალისტიკური რაკეტის წარმოება შეუძლიათ. თუმცა ამ ეტაპზე ასეთ მაჩვენებელს ჯერ ვერ მიაღწიეს“, - განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინის თავდაცვის ძალები რუსული სამხედრო მრეწველობის შესაძლებლობების შესამცირებლად მუშაობენ, მათ შორის, დარტყმებს ახორციელებენ სარაკეტო წარმოებასთან დაკავშირებულ სამხედრო ობიექტებზე.
მისი თქმით, უკრაინის საჰაერო თავდაცვა რუსული ფრთოსანი რაკეტების ჩამოგდების მხრივ უფრო ეფექტიანი გახდა საბრძოლო ავიაციის, IRIS-T-ისა და Hawk-ის საზენიტო-სარაკეტო სისტემების წყალობით, თუმცა ბალისტიკურ რაკეტებთან ბრძოლა კვლავ უფრო რთულ ამოცანად რჩება.
პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ უკრაინა ცალკეულ ოპერაციებს ატარებს, რომელთა მიზანიც რუსეთის მიერ მასირებული სარაკეტო იერიშებისთვის მზადების ჩაშლაა.
„ვფიქრობ, ბოლო დროს თქვენც ხედავდით, რომ გარკვეულ მომენტში ისინი დაბომბვას გეგმავდნენ, მაგრამ აღარ განახორციელეს.
ეს შემთხვევითობა არ არის. ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ მათ მასირებული სარაკეტო იერიშების განხორციელების შესაძლებლობა არ მივცეთ“, - თქვა ზელენსკიმ.