უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა განკარგულებას რუსეთის ხუთი მოქალაქისა და ოთხი ორგანიზაციის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ, რომლებიც რუსული ანიმაციური სერიალის „მაშა და დათვის“ შექმნასა და გავრცელებასთან არიან დაკავშირებული. ამის შესახებ უკრაინული მედია უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, სანქციები დაწესდა იმის გამო, რომ მულტსერიალი „ბავშვებისთვის განკუთვნილ კონტენტად შენიღბულ პრორუსულ ნარატივებს ავრცელებს“, რაც, უკრაინული მხარის შეფასებით, ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის.
სანქციების ქვეშ მოექცა „ანიმაკორდის“ (Animaccord) სტუდია, რომელიც მულტსერიალის ავტორია, ასევე მისი დამფუძნებელი, გენერალური დირექტორი, სცენარის ავტორი, რეჟისორი და პროდიუსერი, სერიალის თანაავტორი, რომელიც რუსეთის ბიუჯეტში თანხებს იხდის, და მულტფილმზე უფლებების მფლობელი.
უკრაინული მხარის ინფორმაციით, სანქციები იურიდიულ საფუძველს ქმნის, რათა „მაშა და დათვის“ გავრცელება უკრაინაში შეიზღუდოს, მათ შორის ციფრულ პლატფორმებზე.