20 აგვისტოს, დღის განმავლობაში, რუსეთის ძალებმა კიევზე სხვადასხვა ტიპის შეიარაღებით არაერთი იერიში მიიტანეს. საღამოს გოლოსიივსკის რაიონში ბიზნესცენტრი დაზიანდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა.
ინფორმაციას კიევის მერი ვიტალი კლიჩკო ავრცელებს.
ხელისუფლების ინფორმაციით, მტრის თავდასხმის შედეგად გოლოსიივსკის რაიონში ბიზნესცენტრის შენობაში ხანძარი გაჩნდა.
კლიჩკოს განცხადებით, შენობაში ერთი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა. ცნობილია, რომ შენობას უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევები დაეცა.
მაშველები შენობაში სამძებრო სამუშაოებს აგრძელებენ.
მოგვიანებით კლიჩკომ განაცხადა, რომ დღის მეორე ნახევარში რუსეთის ძალებმა დედაქალაქში, ფაქტობრივად, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში პირველად, მიზანმიმართულად შეუტიეს კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტს.
კლიჩკოს თქმით, სპეციალისტები დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენაზე მუშაობენ.
შეგახსენებთ, 20 აგვისტოს ღამით რუსებმა კიევს ბალისტიკური რაკეტებით შეუტიეს. მასშტაბური იერიშის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა, 39 კი დაშავდა.