მედიის ცნობით, 20 აგვისტოს უკრაინულმა დრონებმა რუსეთში, თათრეთის რესპუბლიკის ქალაქ ნიჟნეკამსკს შეუტიეს. სამიზნე გახდა TANECO-ს ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, რომელიც რუსეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ნავთობგადამამუშავებელი კომპლექსია.
როგორც Astra წერს, გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემა ერთ-ერთი დრონის ჩამოგდებას ცდილობს. დრონთან ახლოს აფეთქება მოხდა, თუმცა აპარატმა ფრენა განაგრძო და ნიჟნეკამსკის სამრეწველო ზონისკენ გაემართა.
ნიჟნეკამსკის სამრეწველო ზონაში, TANECO-ს გარდა, მდებარეობს TAIF-NK-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა და „ნიჟნეკამსკნეფტეხიმის“ საწარმო.
როგორც Exilenova+ წერს, ნიჟნეკამსკში, „ტანეკოს“ (TANECO) ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში, დაღუპულების შესახებ იუწყებიან. წინასწარი ინფორმაციით, დაიღუპა 12 ადამიანი. ეს ინფორმაცია ამ ეტაპზე დამოუკიდებლად დადასტურებული არ არის.
თავდასხმა ასევე დაადასტურა უკრაინულმა თავდაცვის კომპანია Fire Point-მა.
„უკრაინის თავდაცვის ძალებმა ნიჟნეკამსკში, TANECO-ს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე, უკრაინული FP-1 ტიპის უპილოტო საფრენი აპარატებით დარტყმა განახორციელეს“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
კომპანიის ცნობით, TANECO რუსეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ნავთობგადამამუშავებელი კომპლექსია, რომლის საპროექტო სიმძლავრე წელიწადში 16 მილიონ ტონაზე მეტი ნავთობია. საწარმო აწარმოებს დიზელისა და საავიაციო საწვავს, ბენზინსა და ნავთობპროდუქტების ფართო სპექტრს.