აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დრონებისა და მათი კომპონენტების იმპორტზე 10%-დან 100%-მდე საბაჟო ტარიფები დააწესა. თეთრი სახლის განცხადებით, გადაწყვეტილების მიზანი უცხოელ მწარმოებლებზე ზედმეტი დამოკიდებულებით შექმნილი ეროვნული უსაფრთხოების საფრთხის შემცირებაა.
ტრამპის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტის მიხედვით, 100%-იანი ტარიფი დაწესდება იმ დრონებზე, რომელთა მახასიათებლებიც „განსაკუთრებულ საფრთხეს უქმნის ეროვნულ უსაფრთხოებას“, მათ შორის 25 კილოგრამზე მეტი მაქსიმალური ასაფრენი მასის მქონე და თერმული ხედვის შესაძლებლობის მქონე დრონებზე. იგივე ტარიფი შეეხება დრონების სადგურებსა და კრიტიკულად მნიშვნელოვან კომპონენტებს.
უფრო მცირე ზომის დრონებისა და სხვა კომპონენტების ნაწილისთვის ტარიფი 25% იქნება.
აშშ-ის მოკავშირე ქვეყნებისთვის შედარებით დაბალი ტარიფებია გათვალისწინებული, იმ პირობით, რომ მოწყობილობის თითქმის მთელი აპარატული და პროგრამული უზრუნველყოფა და ტექნოლოგიები ამ ქვეყნებიდან ან აშშ-დან იქნება.
კერძოდ, ევროკავშირისთვის, იაპონიისთვის, სამხრეთ კორეისთვის, ტაივანისთვის, შვეიცარიისა და ლიხტენშტაინისთვის 15%-იანი, ხოლო დიდი ბრიტანეთისთვის 10%-იანი ტარიფი დაწესდა.
ტარიფები ძალაში შევა განკარგულების ხელმოწერიდან 21 დღის შემდეგ. ნაკლებად მგრძნობიარე კომპონენტებისა და იმ პროდუქციისთვის, რომელზეც შესაბამისი უწყებები სპეციალურ გამონაკლისებს შეათანხმებენ, გათვალისწინებულია 180-დღიანი გარდამავალი პერიოდი.