რუსებმა ოდესის ოლქში სამგზავრო მატარებლის ლოკომოტივს დაარტყეს, - ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს.
"დღეს, ოდესის ოლქში, რუსულმა რეაქტიულმა დრონმა სამგზავრო მატარებლის ლოკომოტივს დაარტყა. მატარებელში 340 ადამიანი იმყოფებოდა. თავდასხმის შედეგად ლოკომოტივის მემანქანე და მისი თანაშემწე დაიღუპნენ. მგზავრებისა და მატარებლის ეკიპაჟის სხვა წევრების ევაკუაცია უსაფრთხოდ განხორციელდა. ვინც ამ დრონს მართავდა, რა თქმა უნდა, კარგად იცოდა, რომ სამიზნე სამოქალაქო იყო", - წერს ზელენსკი.
მისი თქმით, ღამით რუსეთის ძალებმა უკრაინის 11 რეგიონზე მიიტანეს იერიში და 130-ზე მეტი დამრტყმელი დრონი გამოიყენეს.
„ყოველდღე რუსები ტერორის მიზნით უბრალო ადამიანების ცხოვრებას ესხმიან თავს. სამწუხაროდ, ყველა ასეთ თავდასხმას მსოფლიოსგან ძლიერი რეაგირება არ მოჰყვება. საჭიროა მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემები და რუსეთზე მეტი ზეწოლა, თუ მსოფლიო ნამდვილად აპირებს ევროპაში ამ ომის შეჩერებას“, - განაცხადა ზელენსკიმ.