ერთადერთი სახელმწიფო და ერთადერთი მხარე, რომელმაც განახორციელა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია, არის ბუნებრივია, რუსეთის ფედერაცია, ეს არის ძალიან მშრალი ფაქტი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, რუსეთის ფედერაციამ განახორციელა საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია, რაც იყო დანაშაული ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ.
„რაც შეეხება ოკუპაციას, აბსოლუტურად ცხადია ყველაფერი. ამაზე უამრავი განცხადება კეთდება და ამას ჩაკითხვა აღარ სჭირდება. რა თქმა უნდა, რუსეთის ფედერაციამ განახორციელა საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია, რაც იყო დანაშაული ქართული სახელმწიფოს, ჩვენი ხალხის წინააღმდეგ, ეს არის ცხადზე ცხადი დანაშაული, რომელიც ჩაიდინა ქართული სახელმწიფოს, ქართველი ხალხის წინააღმდეგ. ეს იყო ოკუპაცია და შემდეგ იყო ე.წ აღიარება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძე.
ჟურნალისტის შეკითხვაზე: მტერი არის თუ არა რუსეთი? კობახიძემ უპახუსა: "თქვენი სამარცხვინო შეკითხვები, სასაცილოები ხართ. რატომ არის [სამარცხვინო შეკითხვა] გეტყვით, თქვენ, ძალიან მარტივად, გინდათ მიიღოთ "ჰედლაინი", თუნდაც იგივე რუსულ მედიაში, იმასთან დაკავშირებით, რომ მე ვაცხადებ, რუსეთის ფედერაცია არის მტერი, ეს არის კონკრეტული პოლიტიკური განაცხადი, რომელსაც შემდეგ კონკრეტული ნაბიჯები უნდა მოაყოლო, დაახლოებით ან ზუსტად ის ნაბიჯები, რაც თქვენმა პარტიამ მოაყოლა 2008 წელს და იქამდე".
ჟურნალისტი: ეს არის მიზეზი, რის გამოც ერიდებით იმის თქმას, რომ ახსენოთ ღიად, რომ რუსეთი არის მტერი?
კობახიძე: რა თქმა უნდა, კიდევ გავიმეორო?!