ეკლესიას უკრაინაში მებრძოლ ადამიანთათვის რაიმე შემზღუდავი ნორმა არასდროს დაუდგენია, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ანდრია ჯაღმაიძე წერს.
„სიმართლე გაცხადდება და თავად ამხელს მათ, ვინც სცადა, ეს უბედური და სამწუხარო, მგრძნობიარე ამბავი ეკლესიის დასაკნინებლად გამოეყენებინა. არასდროს ეკლესიას უკრაინაში მებრძოლ ადამიანთათვის რაიმე შემზღუდავი ნორმა არ დაუდგენია და ეს ყველამ იცის“, - წერს ანდრია ჯაღმაიძე.
26 წლის ლანა ლატარია, რომელიც რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა, უკრაინაში მებრძოლი ჯარისკაცის, ზაალ ლატარიას შვილი იყო.
ზაალ ლატარიამ დაწერა, რომ მას მიცვალებულის ტაძარში დასვენებაზე უარი უთხრეს. საზოგადოების ერთმა ნაწილმა მიიჩნია, რომ ეს ლატარიას უკრაინაში ბრძოლას უკავშირდებოდა.