ვერანაირი პატიმრობა და ვერანაირი ჯარიმა ჩვენზე გავლენას ვერ მოახდენს, - ამის შესახებ ჟურნალისტმა, ვახო სანაიამ 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის შემდეგ, დროებითი მოთავსების იზოლატორი დატოვებისას ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, „რეჟიმი განწირულია“.
ჟურნალისტს მცხეთის იზოლატორთან ოჯახის წევრები და კოლეგები დახვდნენ.
სანაიას თქმით, არ აპირებს გაჩუმდეს. მისი თქმით, პროტესტს გააგრძელებს ქუჩაშიც, ეთერშიც და სოციალურ ქსელებშიც.
"რამდენჯერაც არ უნდა ჩაგვსვან ციხეში, რა ჯარიმაც არ უნდა გამოწერონ, ჩვენი ბრძოლა გაგრძელდება. ყველას შევახსენებ ჩვენს სლოგანს, ძალიან მარტივი და მკაფიოა: ბოლომდე! სულ ბოლომდე, გამარჯვებამდე!
ვიბრძვით, რომ დავანგრიოთ ეს ძალადობრივი რეჟიმი. ეს რეჟიმი განწირულია. რამდენჯერაც უნდათ, იმდენჯერ მოახდინონ რეაგირება, არანაირი პრობლემა არ არის. კიდევ დავწერ, ბევრჯერ დავწერ, იმდენჯერ, რამდენჯერაც მომესურვება. მოდი, მარტივი შეკითხვა დაუსვას საკუთარ თავს ივანიშვილმა, რა მიიღო იმით, რომ დამაპატიმრა, გარდა იმისა, რომ თავისი მარიონეტი სახელი კიდევ უფრო დამკვიდრდა. აქ იმისთვის არ ვიჯექი, რომ გამოვიდე და რაიმე არ დავწერო, იმისთვის ვიჯექი, რომ ვწერ და ვსაუბრობ“,- განაცხადა სანაიამ.
ჟურნალისტი ვახო სანაია საკუთარ საცხოვრებელ სახლთან 22 ივლისს დააკავეს.
ვახო სანაიას 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შალვა პაპუაშვილისა და დეპუტატ ვლადიმერ ბოჟაძის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტის გამო შეეფარდა.
ჟურნალსიტის პატიმრობა შს სამინისტროში შექმნილმა, სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველომ მოითხოვა.