რუსეთის ქალაქ ბელგოროდში დრონების შეტევის შემდეგ ხანძარი გაჩნდა ბელგოროდის სახელმწიფო ტექნოლოგიური უნივერსიტეტის შენობაში, სადაც უპილოტო საფრენი აპარატების ტექნოლოგიებზე მუშაობდნენ. ამის შესახებ ASTRA იუწყება.
გამოცემის ინფორმაციით, უნივერსიტეტში მუშავდებოდა მიკროპროცესორ „მილანდრის“ ბაზაზე შექმნილი უპილოტო სისტემების ავტომატიზებული მართვის სისტემა.
ოფიციალურად აცხადებდნენ, რომ აღნიშნული ტექნოლოგია სამოქალაქო დანიშნულებისთვის იყო განკუთვნილი, მათ შორის ელექტროგადამცემი ხაზების, თბომაგისტრალების მონიტორინგისა და აეროფოტოგადაღებისთვის.
ამასთან, ASTRA აღნიშნავს, რომ მიმდინარე ზაფხულს უნივერსიტეტმა სკოლის მოსწავლეებისთვის დრონების შექმნის სასწავლო პროგრამაზე მიღება გამოაცხადა.
ამ დროისთვის რუსეთის ხელისუფლებას თავდასხმის შედეგების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ გაუვრცელებია.
ღამის განმავლობაში ბელგოროდის ოლქის ოპერატიულმა შტაბმა რამდენჯერმე გაავრცელა გაფრთხილება დრონებით შესაძლო შეტევის საფრთხის შესახებ.