აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, იშვიათი მინერალების შესახებ შეთანხმება შეერთებულ შტატებს უკრაინის წიაღისეულზე წვდომას აძლევს და შესაძლოა, ამერიკის მიერ უკრაინისთვის გაწეულ დახმარებაზე უფრო მომგებიანიც აღმოჩნდეს.
„ჩვენ უკრაინასთან შეთანხმება გავაფორმეთ... ხელმოწერილი კონტრაქტი გვაქვს. რაც შეეხება იშვიათ მინერალებს, იქ ნებისმიერ დროს შეგვიძლია შევიდეთ. შეგვიძლია ფაქტობრივად ყველაფერი ავიღოთ, რაც მოგვინდება. ეს საკმაოდ მომგებიანი გარიგება იყო“, - განაცხადა ტრამპმა.
მისი თქმით, უკრაინა იშვიათი მინერალებით ძალიან მდიდარია, ხოლო დადებული შეთანხმების ღირებულება, მისი შეფასებით, შესაძლოა მნიშვნელოვნად აღემატებოდეს აშშ-ის მიერ უკრაინისთვის გაწეული დახმარების მოცულობას.
ტრამპმა ივარაუდა, რომ რესურსებზე წვდომის ღირებულება 300 მილიარდ დოლარს გადააჭარბებს, ამიტომ ეს შეთანხმება ვაშინგტონისთვის მომგებიანია და აშშ თავის ფულს დაიბრუნებს.
შეგახსენებთ, რომ გასული წლის 1-ელ მაისს უკრაინის ეკონომიკის მინისტრმა იულია სვირიდენკომ და აშშ-ის სახაზინო მდივანმა სკოტ ბესენტმა მინერალების შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი.
ტრამპის თქმით, წიაღისეულის შესახებ შეთანხმება აშშ-ს უკრაინისთვის გაწეულ დახმარებაზე მეტ სარგებელს მოუტანს.