პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებულ ომში მომდევნო 100 დღე შესაძლოა გადამწყვეტი აღმოჩნდეს.
ამის შესახებ ტუსკმა ლუბლინის ვოევოდობაში Х-101 ტიპის რაკეტის ჩამოვარდნის ადგილის მონახულებისას ისაუბრა. იუწყება The Guardian
პოლონეთის პრემიერის თქმით, დღევანდელმა ინციდენტმა კიდევ უფრო განუმტკიცა გადაწყვეტილება, მხარი დაუჭიროს უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში.
„პოლონეთის უსაფრთხოება პირდაპირ და ცალსახად არის დამოკიდებული უკრაინის შეიარაღებული ძალების ეფექტიან მოქმედებაზე, განსაკუთრებით საჰაერო სივრცეში. უკრაინელებს რომ გაცილებით მეტი ჰქონოდათ ის, რასაც ისინი მუდმივად ითხოვდნენ, შესაძლოა ეს რაკეტა პოლონეთის მიმართულებით საერთოდ არ გაფრენილიყო,“ - განაცხადა ტუსკმა.
მისი თქმით, პოლონეთი მტკიცედ არის განწყობილი, გააკეთოს ყველაფერი, რათა უკრაინამ ეს ომი არ წააგოს.
ტუსკმა ასევე გაიხსენა უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკითან, საუბარი.
„საქმე სრულიად ნათელია: მომდევნო 100 დღე შესაძლოა ამ ომის ბედი გადაწყვიტოს და ამის შანსი 50/50-ზეა,“ - აღნიშნა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა.
მან განაცხადა, რომ ომის ბედის გადაწყვეტაზე გავლენის მოხდენა შეუძლია აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, „ზოგიერთ სხვა პირს“ და SpaceX-ის აღმასრულებელ დირექტორ ილონ მასკს - მათ შორის, როგორც ყველაზე გავლენიან ფიგურებს.