რუსეთის ქალაქ რიაზანზე უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმა განხორციელდა. სავარაუდოდ, დარტყმის ქვეშ მოექცა Wildberries-ის ლოგისტიკური ცენტრი.
ამის შესახებ რიაზანის ოლქის გუბერნატორმა პაველ მალკოვიმა განაცხადა, ასევე ინფორმაციას ავრცელებენ ადგილობრივი Telegram-არხები. იუწყება უკრაინული მედია.
მალკოვის თქმით, დრონების თავდასხმის მოგერიების დროს რიაზანში ერთ-ერთი საწარმოს ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა.
„რიაზანში მასშტაბური დრონების შეტევა მოგერიებულია, მუშაობს საჰაერო თავდაცვის სისტემა. ერთ-ერთი საწარმოს ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა. ადგილზე ოპერატიული სამსახურები მუშაობენ“, - დაწერა გუბერნატორმა.
მან მოსახლეობას მოუწოდა, დარჩნენ შენობებში და ფანჯრებს არ მიუახლოვდნენ.
მალკოვის განცხადებით, თავდასხმის შედეგად რეგიონში ექვსი ადამიანი ჰოსპიტალში გადაიყვანეს. მისი თქმით, დრონების ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად ასევე გაჩნდა „ხანძრები სამრეწველო ტერიტორიებზე“.