უკრაინას მშვიდობა სურს, ისევე როგორც აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ევროპელებს, თუმცა რუსეთის ლიდერი ვლადიმირ პუტინი ომის შეწყვეტას არ აპირებს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.
ზელენსკის თქმით, კიევი კვლავ ითხოვს ცეცხლის შეწყვეტას, რაც საბოლოო შეთანხმების მიღწევის გზას გახსნიდა, თუმცა, მისი განცხადებით, პუტინი რაიმე სახის დიალოგით დაინტერესებული არ არის. მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის ლიდერთან ბოლოს 2020 წელს ისაუბრა.
„ჩვენ გვინდა ამ ომის შეჩერება. პრეზიდენტ ტრამპს სურს ამ ომის შეჩერება და ევროპელებსაც სურთ მისი დასრულება. პუტინს - არა. ჩვენ ყოველდღე ვითხოვთ ამ ომის შეწყვეტას... შევთანხმდეთ ცეცხლის შეწყვეტაზე, თუნდაც გარკვეული დროით, რათა დიპლომატებს მოლაპარაკებების წარმოების შესაძლებლობა მივცეთ. მაგრამ პუტინს ეს არ სურს. სწორედ ეს არის პრობლემა“, - განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ სწორედ ამიტომ არის საჭირო პასუხის გაცემა, სიმტკიცისა და ძალის დემონსტრირება.
უკრაინის პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა რუსეთის ტერიტორიაზე განხორციელებულ დარტყმებზე და აღნიშნა, რომ პუტინი ომში ინიციატივას კარგავს.
„პუტინი თვეში 30 000 ჯარისკაცს კარგავს. დანაკარგები დიდია, მაგრამ მას ამ ომის შეწყვეტა არ სურს. ამიტომ, ახლა ინიციატივა პუტინის ხელში არ არის“, - განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, უკრაინა ასევე იმედოვნებს სანქციების დაწესებას და გარდაცვლილი სენატორის ლინდსი გრემიის მიერ შემუშავებულ კანონპროექტს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.