აშშ-თან ომის პირობებში თავდაცვითი შესაძლებლობების აღდგენის მცდელობისას, ირანი უახლოეს კვირებში მიიღებს ჩინური წარმოების პირველი პარტიის გადასატან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებს. საერთო ჯამში საუბარია 400-მდე კომპლექსის შეძენაზე. ამის შესახებ Reuters წყაროებზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის ცნობით, შესყიდვის ღირებულება დაახლოებით 60-70 მილიონ დოლარად არის შეფასებული. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ცნობილი ინიციატივა, რომელიც თეირანმა განახორციელა მოკლე რადიუსის საჰაერო თავდაცვის სისტემის გასაძლიერებლად მას შემდეგ, რაც აშშ-სა და ისრაელთან ომი დაიწყო.
Reuters-ის წყაროების თქმით, ამ ომმა გამოავლინა ირანის სისუსტეები სამხედრო ობიექტებისა და სტრატეგიული ინფრასტრუქტურის დაცვის შესაძლებლობებში.
წყაროების ინფორმაციით, კონტრაქტი ითვალისწინებს 300-დან 400-მდე გადასატანი საზენიტო სარაკეტო კომპლექსის შეძენას, მათ შორის ჩინური წარმოების QW-12 და FN-16 ტიპის რაკეტებს.
Reuters-ის ცნობით, თეირანმა შეთანხმება გააფორმა ჰონგ-კონგში რეგისტრირებულ კომპანია Zhongqing Baoshang International Investment-თან, რომელიც ირანულ მხარესა და ჩინურ მომწოდებელს შორის შუამავლის როლს ასრულებდა.
გამოცემის ინფორმაციით, ასობით გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის მიწოდება მნიშვნელოვნად გააფართოებს ირანის მოკლე რადიუსის საჰაერო თავდაცვის არსენალს და კიდევ ერთხელ მიუთითებს ჩინეთთან სამხედრო კავშირების გაღრმავებაზე.
წყაროების განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ შეთანხმება უკვე გაფორმებულია, მიწოდების გრაფიკი, რაოდენობა და მისი განხორციელების სხვა დეტალები შესაძლოა შეიცვალოს.
Reuters-ის წყაროების თქმით, შეთანხმებული გეგმის მიხედვით, მიწოდება თავდაპირველად განხორციელდება ჩინეთის დასავლეთ ნაწილში მდებარე ურუმჩიდან საჰაერო გზით, შემდეგ კი ტვირთი პაკისტანის გავლით ირანში შევა.
წყაროებს არ დაუკონკრეტებიათ, პაკისტანის გავლით ტრანზიტი განხორციელდება თუ არა საჰაერო თუ სახმელეთო ტრანსპორტით.
ამავდროულად, პაკისტანმა უარყო თავისი მონაწილეობა ამ მიწოდებებში.
„ვარაუდები იმის შესახებ, რომ პაკისტანი მონაწილეობს ჩინეთიდან ირანში საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებაში, სრულად მოგონილი და მცდარია“, - განაცხადეს პაკისტანის შეიარაღებულ ძალებში.