„ქართული ოცნების“ ხელისუფლება აგრძელებს ექსპერიმენტებს და პოპულისტურ კამპანიებს სისტემაში, რომელსაც თავად არ იყენებს, - ამის შესახებ„ლელო - ძლიერი საქართველოს“ წევრმა, ნიკა ჩერქეზიშვილმა სასკოლო ფორმებთან დაკავშირებით განაცხადა.
ჩერქეზიშვილი აღნიშნავს, რომ სასკოლო ფორმის 1 კომპლექტის ღირებულება 95 ლარი იქნება, მშობლებს მინიმუმ 2 კომპლექტის შეძენა მოუწევთ, რაც დამატებით 200 ლარის ხარჯს ნიშნავს.
მისივე შეფასებით, მრავალშვილიანი ოჯახებისთვის, ეს ფინანსური ტვირთი კიდევ უფრო მძიმე იქნება.
„ისინი, ცდებს ატარებენ არა საკუთარ, არამედ სხვის შვილებზე. ამის კიდევ ერთი დადასტურებაა საჯარო სკოლებში სასწავლო ფორმების სავალდებულო შემოღება. „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნების შვილების დიდი ნაწილი კერძო სკოლაში სწავლობს, სწორედ ამიტომ ხელისუფლების განმარტება, თითქოს ფორმების სავალდებულო შემოღება თანასწორობის პრინციპების დაცვის მიზნით ხდება, არადამაჯერებელია. როდესაც გადაწყვეტილების მიმღები თავად არ ექვემდებარება წესებს, რომლის დაწესებასაც სხვისთვის ცდილობს, თანასწორობაზე საუბარი ფორმალური ხასიათისაა. ქვეყანაში, სადაც ათობით საჯარო სკოლა დღემდე ავარიულ მდგომარეობაშია ან დანგრეულია, ათასობით მოსწავლეს ყოველდღე უწევს საკუთარი სახლებიდან კილომეტრების დაშორებით დაშორებით მდებარე სკოლებში სიარული, ბავშვების მნიშვნელოვანი ნაწილი სასწავლო დღის განმავლობაში საერთოდ ვერ იკვებება, სასკოლო ფორმების სავალდებულო შემოღება განათლების სისტემის მთავარი გამოწვევა ვერ იქნება“,- აღნიშნა ჩერქეზიშვილმა.