დამნაშავე უნდა იჯდეს ციხეში, დანაშაულს ვინც ჩადის, უნდა იჯდეს ციხეში. ეს არის კანონის უზენაესობის მთავარი პრინციპი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.
პაპუაშვილს ჟურნალისტმა კითხვა დაუსვა: „სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ პოლიტიკური პარტიების ლიდერების დაკავებებს დაშინების მცდელობას უკავშირებს. რას უპასუხებთ ამაზე სალომე ზურაბიშვილს?“
„ნუ ჩაიდენენ დანაშაულს და არ იქნება პასუხისმგებლობა. ჩაიდენენ დანაშაულს, იქნება პასუხისმგებლობა. აბა, სხვანაირად როგორ უნდათ, დანაშაული ჩაიდინონ და პასუხისმგებლობა არ დადგეს? ასეთი ქვეყანა თუ უნდათ, სადმე სხვაგან წავიდნენ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.