ტერორიზმის ჩადენაში მხილებულ ადამიანს რა რეპუტაცია უნდა შეელახოს, ცოტა გაუგებარია, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მან უპასუხა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალეკო ელისაშვილის ადვოკატს, გიორგი რეხვიაშვილს, რომელმაც პაპუაშვილი ელისაშვილის დემონიზებაში დაადანაშაულა და თქვა, რომ სიცრუეა შალვა პაპუაშვილის მიერ გაკეთებული განცხადება, თითქოს ალეკო ელისაშვილმა „ავტომატები შეიძინა, რათა დანაშაული ჩაედინა“.
შალვა პაპუაშვილის თქმით, სჯობდა ადვოკატს ალეკო ელისაშვილისთვის აეხსნა, თუ რა დანაშაული ჩაიდინა და გამოძიებასთან ეთანამშრომლა.
„სხვათა შორს, მანიპულირებდა, თითქოს ვთქვი, მან იარაღი იყიდაო და ამას აბრალებო. მე ვთქვი “ეყიდა”. სასამართლოში პირდაპირ თქვა, რომ ის ფიქრობდა, ხელში აეღო ტყვიამფრქვევი, დახვედროდა მოსამართლეებს, პროკურორებს და ჩაეცხრილა. პირდაპირ ეს თქვა სასამართლო პროცესზე. ეყიდა არ თქვა, მაგრამ არ ვიცი, სახლში თუ უდევს ტყვიამფრქვევი, ეს კიდევ სხვა პრობლემა არის. ნაცვლად იმისა, რომ ამ ადვოკატს ემოქმედა საკუთარი დაცვის ქვეშ მყოფის ინტერესებით და უარესი განცხადებები არ ეკეთებინა სასამართლოში, საიდანაც იმუქრებოდა კიდევ დამატებით ალეკო ელისაშვილი, სჯობდა მისთვის აეხსნა, თუ რა დანაშაული ჩაიდინა, ეთანამშრომლა გამოძიებასთან და ეღიარებინა ბრალი, სასამართლოსთან ეთანამშრომლა. დანაშაული სასამართლომ დაადასტურა. ამას რომ სასჯელი მოჰყვებოდა, მგონი, თვითონაც კარგად ხვდებოდა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.