აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტე ღიაა და უარყო ირანის მტკიცება, თითქოს თეირანმა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი საზღვაო მარშრუტი კვლავ ჩაკეტა.
თეთრი სახლის ლიდერმა ამის შესახებ 12 ივლისს, NBC-ის ეთერში განაცხადა.
„სრუტე ღიაა. წუხელ მათ ძალიან ძლიერად დავარტყით,“ - თქვა ტრამპმა.
ირანის განცხადება უარყო ასევე აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ (CENTCOM).
„ირანი ჰორმუზის სრუტეს არ აკონტროლებს. ის კვლავ საერთაშორისო საზღვაო გზაა. ამერიკული ძალები პოზიციებზე იმყოფებიან და მზად არიან, ეს სტატუს-კვო შეინარჩუნონ,“ — ნათქვამია CENTCOM-ის განცხადებაში, რომელიც სოციალურ ქსელ X-ში გავრცელდა.
მანამდე ირანმა ერთ-ერთ გემზე თავდასხმის შემდეგ ჰორმუზის სრუტის სრულად ჩაკეტვის შესახებ განაცხადა.
როგორც Reuters წერს, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა, რომ გემი სრუტის გავლით არასანქცირებული მარშრუტით ცდილობდა გადაადგილებას და გაფრთხილებები უგულებელყო.
ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის განცხადებით, გემმა ასევე გამორთო საკუთარი სისტემები, რაც, მათი თქმით, საფრთხეს უქმნიდა ნაოსნობას. შედეგად, გემს დაარტყეს და მისი მოძრაობა შეაჩერეს.
ამის შემდეგ ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტე დაკეტილი იქნება მანამდე, ვიდრე აშშ რეგიონში ჩარევას არ შეწყვეტს.