პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშმა განაცხადა, რომ უკრაინისთვის MiG-29 ტიპის თვითმფრინავების გადაცემის პირობებზე მოლაპარაკებები კვლავ მიმდინარეობს და მას მათი დადებითად დასრულების იმედი აქვს. ამის შესახებ პოლონური მედია იუწყება.
მინისტრს ჰკითხეს უკრაინისთვის პოლონური საბრძოლო თვითმფრინავების - MiG-29-ების გადაცემის საკითხზე, რომლის სანაცვლოდაც საუბარია უკრაინული დრონების ტექნოლოგიების მიღებაზე. კოსინიაკ-კამიშმა უპასუხა, რომ მოლაპარაკებები გრძელდება.
„განიხილება მკაფიო წინადადება: MiG-ები დრონების სანაცვლოდ. უკრაინელებმა თქვეს - „დიახ“, შემდეგ დაიწყეს ფიქრი. ახლა ისინი კვლავ აწარმოებენ მოლაპარაკებებს და ეს კარგია. ვიმედოვნებ, ეს წინადადება წარმატებით დასრულდება“, - განაცხადა კოსინიაკ-კამიშმა.
მანამდე, მიმდინარე კვირის დასაწყისში, მინისტრმა აღნიშნა, რომ უკრაინისთვის MiG-29-ის გადაცემის საკითხი ჯერ საბოლოოდ გადაწყვეტილი არ არის.
ივნისის ბოლოს პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ უკრაინამ მიღწეულ შეთანხმებებზე უარი თქვა. რამდენიმე დღის შემდეგ მან განმარტა, რომ ეს კიევსა და ვარშავას შორის ისტორიულ საკითხებზე არსებულ დავას უკავშირდებოდა.