ირანის "ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა" (IRGC) განაცხადა, რომ აშშ-ის მიერ განხორციელებული ბოლო დარტყმების საპასუხოდ ქუვეითსა და ბაჰრეინში მდებარე ამერიკულ სამხედრო ბაზებზე იერიში მიიტანა. იუწყება CNN.
IRGC-ის საზღვაო და საჰაერო ძალების განცხადებით, მათ დრონებითა და რაკეტებით შეტევა განახორციელეს ამერიკულ სამხედრო ინფრასტრუქტურასა და ობიექტებზე, მათ შორის: ქუვეითში კემპ არიფჯანსა და ალი ალ სალემის საჰაერო ბაზაზე და ბაჰრეინში შეიხ ისას საჰაერო ბაზასა და ჯუფაირის ობიექტზე.
ჯუფაირში მდებარეობს აშშ-ის მეხუთე ფლოტის მთავარი ბაზა სპარსეთის ყურეში.
IRGC-ის განცხადებით, ეს დარტყმები პასუხი იყო აშშ-ის იერიშებზე ირანის სამხრეთ სანაპირო პროვინციებსა და აღმოსავლეთ ირანში მდებარე ორ ხიდზე.
მანამდე IRGC აცხადებდა, რომ აშშ-მა ირანში, თეირანის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე აქყალას რაიონში სარკინიგზო ხიდს დაარტყა. ირანულ მედიაში გავრცელებული ვიდეო, აჩვენებს დაზიანებულ სარკინიგზო ხიდს აქყალას მახლობლად. CNN-მა კომენტარისთვის მიმართა აშშ-ის ცენტრალურ სარდლობას (CENTCOM).
CENTCOM-მა განაცხადა, რომ ამერიკულმა ძალებმა სანაპირო ზოლში „90 ირანულ სამხედრო სამიზნეს“ დაარტყეს, თუმცა ხიდი განცხადებაში ნახსენები არ ყოფილა.
ხუთშაბათს დილით ბაჰრეინსა და ქუვეითში საჰაერო საფრთხის გამაფრთხილებელი სირენები ჩაირთო. ქუვეითის არმიამ განაცხადა, რომ მისი საჰაერო თავდაცვა პასუხობდა „მტრულ სარაკეტო და დრონების საფრთხეებს“.
IRGC-მა გააფრთხილა, რომ თუ აშშ საპასუხო დარტყმებს განახორციელებს, ირანი თავდასხმებს რეგიონში მდებარე სხვა ამერიკულ ბაზებზეც გააფართოებს.