სააკაშვილის გამონათქვამები არ შეიძლება, სერიოზულად მიიღო. დარწმუნებულია, რომ რაღაც არაოფიციალური ფრაზების გამოყენებით საკუთარ რენომეს აღადგენს, რაც რეალობას აბსოლუტურად მოწყვეტილია, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
„გავიგეთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატში კაბო ვერდეს გულშემატკივრობს, რადგან კაბო ვერდელი გოგო მოსწონდა პირველ კურსზე, როდესაც კიევში საერთაშორისო ინსტიტუტში სწავლობდა. სასაცილო არაფერია, არაადეკვატური ადამიანია და ეს არაადეკვატურობა, გარკვეულწილად, განაპირობებს სექტის ჩამოყალიბებას, რომლის წევრები მისი ერთგული და თავდადებული მხარდამჭერები არიან. თავს უფლებას აძლევს, რაც უნდა იმას ამბობს – უნდა ხაბეიშვილს დაამცირებს, უნდა ბოკუჩავას და, სულ მალე, ალბათ ჟორჟოლიანსაც მიადგება. ეს არის მისი პიროვნების თვისება, მაგრამ ეს პიროვნება იმავენაირად ექცეოდა ყოველთვის საკუთარ ქვეყანას. ეს არის პრობლემა, თორემ ხაბეიშვილზე და ბოკუჩავაზე რას იტყვის, არავითარი მნიშვნელობა არა აქვს. ზოგადად, მისი ერთადერთი ხედვაა ქვეყანამ როგორმე ის ცეცხლი და ცრემლი გაიაროს, რაშიც დღეს უკრაინაა, რომ შემდეგ როგორმე აღდგეს ფერფლიდან და „ნათელ მომავალში“ გადაინაცვლოს. „ნაცმოძრაობას“ პერსპექტივა მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვს, თუ ქვეყანა დაემხობა, გაცალმტვერდება, დაინგრევა ეკონომიკურად და ფიზიკურადაც, როგორც მათ წარმოუდგენიათ და შეიძლება, მხოლდ მაშინ სააკაშვილის ფრთამ მართვის სადავეებს მიაღწიოს, რომელსაც ქართული საზოგადოების ნაცვლად სულ სხვა ხალხი გადაიბარებს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.