აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო სამშაბათს, 23 ივნისს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ქუვეითსა და ბაჰრეინში გაემგზავრება, სადაც ირანთან მიმდინარე მოლაპარაკებების ფონზე რეგიონულ ლიდერებთან შეხვედრებს გამართავს. ამის შესახებ მისი პრესსპიკერი ტომი პიგოტო აცხადებს. იუწყეება Reuters
რუბიოს ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი თემა ირანთან შეთანხმების მიღწევა და კონფლიქტის დასრულების გზების განხილვა იქნება.
ამასთან, ვიზიტი ტრამპის ადმინისტრაციას შესაძლებლობას მისცემს, ირანთან მიღწეული წინასწარი შეთანხმება უშუალოდ გააცნოს სპარსეთის ყურის არაბ მოკავშირეებს.
ბაჰრეინში ყოფნისას რუბიო ასევე შეხვდება სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოს (GCC) წევრებს. ეს ორგანიზაცია აერთიანებს ექვს ქვეყანას: საუდის არაბეთს, კატარს, ომანს, ბაჰრეინს, ქუვეითსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ GCC-ის ლიდერები ზოგადად მხარს უჭერენ აშშ-ისა და ისრაელის მიერ ირანთან ომის დასრულების მცდელობებს, ბევრს აშფოთებს იმ ურთიერთგაგების მემორანდუმის კონკრეტული პირობები, რომელსაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გასულ კვირას მოაწერა ხელი.
რეგიონული ოფიციალური პირების განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს თეირანისთვის შესაძლო 300 მილიარდი დოლარის მოცულობის აღდგენის ფონდი. სპარსეთის ყურის ქვეყნების ლიდერები ვარაუდობენ, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკა ამ თანხას სამხედრო შესაძლებლობების აღსადგენად და რეგიონში მოქმედი მოკავშირე დაჯგუფებების დასაფინანსებლად გამოიყენებს.
შეშფოთების კიდევ ერთი მიზეზია ის, რომ მემორანდუმი ირანის ბალისტიკური რაკეტების პროგრამას არ ეხება. ეს საკითხი განსაკუთრებით აწუხებს ვაშინგტონის მოკავშირე ქვეყნებს სპარსეთის ყურის რეგიონში, რომლებიც ბოლო თვეებში ირანული რაკეტებისა და დრონების თავდასხმების სამიზნეები არაერთხელ გახდნენ.