ფასების მმუსვრელის, ფასების კომისიის კრახი მაისის თვის საქსტატის მონაცემებითაც დასტურდება, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველო - ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, თაზო დათუნაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
დათუნაშვილის თქმით, ირაკლი კობახიძემ საზოგადოებას ბოდიში უნდა მოუხადოს და გადადგეს.
„საქართველოში დასრულდა ფასების ზრდის მეექვსე თვე და ახლა შეგვიძლია ირაკლი კობახიძის პოლიტიკური კრახის და ტოტალური ტყუილის მეექვსე თვის, მაისის თვის მონაცემები მოგახსენოთ. ფასების მმუსვრელის, ფასების კომისიის კრახი მაისის თვის საქსტატის მონაცემებითაც დასტურდება. საქართველოში მაისის თვის წლიური ინფლაცია 5.7%-ია. უფრო კონკრეტულად, 2026 წლის მაისში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ფასები შემდეგნაირად გაიზარდა: დიზელის საწვავი გაძვირდა 48%-ით; ბენზინი გაძვირდა 26.34%-ით; თევზეული გაძვირდა 20.9%-ით; ხორცი გაძვირდა 10.1%-ით; პური და პურ-პროდუქტები გაძვირდა 7%-ით; ხილი გაძვირდა 6.5%-ით; ზეთი გაძვირდა 6.1%-ით.
დღეს კიდევ ერთხელ თამამად და უტყუარად შეგვიძლია ვთქვათ, რომ პარლამენტში შექმნილი სამარცხვინო კომისია, სუს-ის მასზე უფრო სამარცხვინო გამოძიება, პროპაგანდისტული არხების და ირაკლი კობახიძის გაუთავებელი ტყუილები იმის შესახებ, რომ საქართველოში ფასების ზრდას რაიმენაირად მათი ხელით და მათ პირობებში მოევლებოდა, იყო მტკნარი სიცრუე და საქართველოს მოქალაქეების დაცინვა! დაცინვა იმ ადამიანებისა, რომლებსაც ყველაზე მეტად სჭირდებათ სახელმწიფოს გვერდით დგომა და რომლებსაც უნდათ, რომ სჯეროდეთ იმისა, რასაც ეუბნება ხელისუფლება, რადგან უჭირთ, მაგრამ, სამწუხაროდ, ამ ადამიანებს კიდევ ერთხელ, მორიგ ჯერზე, იმედები გაუცრუა ირაკლი კობახიძემ და "ქართულმა ოცნებამ".
„ძლიერი საქართველო - ლელო“ უკვე თვეებია ამბობს, მას შემდეგ, რაც ბაზარზე სავალალო ვითარებაა საწვავთან დაკავშირებით, რომ საჭიროა სახელმწიფომ მიიღოს დროებითი ღონისძიებები. კერძოდ, გაუქმდეს ან შემცირდეს ბენზინზე აქციზის გადასახადი, რომ ბენზინის ფასი რაღაც თვალსაზრისით "დაიჭირონ". შეგახსენებთ, რომ 2012 წელს ბენზინზე აქციზის გადასახადის გაიაფების დაპირების მიუხედავად, „ქართულმა ოცნებამ" 2017 წელს ბენზინზე აქციზის გადასახადი გააორმაგა. აქციზის შემცირება პირდაპირ გავლენას მოახდენს არამარტო საწვავის ფასზე, არამედ ყველა დანარჩენ პროდუქტსა და სერვისზე, რომელზეც ბენზინის ფასი ახდენს გავლენას და მინიმუმ შეაჩერებს ფასის მომდევნო ზრდას, რომელიც კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ყოველთვიურად იმატებს.
საქართველოში მაღალი ინფლაციის პირობებში, საქართველოს მთავრობამ, რომელსაც ხელმძღვანელობს ამხანაგი კობახიძე, 20 ლარით გაუზარდა პენსიონერებს პენსია და ათასობით ლარით გაეზარდათ ხელფასი ჩინოვნიკებს. ეს მთავრობა, რომელიც ლაპარაკობს ხალხის სამსახურში ყოფნაზე, ემსახურება მხოლოდ თავის ჩინოვნიკებს. საქართველოს მოქალაქეები, პენსიონერები იქნებიან ისინი თუ არა პენსიონერები, ყოველთვე და მაისის თვეშიც, აკეთებდნენ არჩევანს საკვების, მედიკამენტების შეძენასა და კომუნალური გადასახადების გადახდას შორის, რადგან სამივეს ისინი ვერ ახერხებენ. ქართველი პენსიონერები თავიანთი პენსიის მხოლოდ 20%-ს ხარჯავენ იმ ხარჯებისა, რომელიც მათ სტანდარტულად აქვთ.
ამ სავალალო და სამარცხვინო ვითარებაზე პასუხისმგებელი არის ირაკლი კობახიძე, რომელმაც უნდა დაიწყოს ბოდიშის მოხდით და უნდა გადადგეს! 6 თვე შესრულდა, რაც აბსოლუტურ ტყუილში ამყოფებს საქართველოს მოქალაქეებს! ატყუებს ისეთ სენსიტიურ თემაზე, რაც არის ჩვენი მოქალაქეების ყოველდღიურობა”, - განაცხადა დათუნაშვილმა.