საქართველო კვლავ ურყევად განაგრძობდა უკრაინის პოლიტიკურ და დიპლომატიურ მხარდაჭერას, ასევე ჰუმანიტარული დახმარების გაწევას საკუთარი შესაძლებლობის ფარგლებში, – ამის შესახებ საუბარია პრემიერ-მინისტრის წლიურ ანგარიშში, რომელიც პარლამენტს წარედგინა.
ანგარიშში უკრაინის მხარდაჭერაზეა საუბარი.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ და უკრაინის მხარდასაჭერად, საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში, საქართველომ დაასპონსორა/მხარი დაუჭირა 850-ამდე რეზოლუციას/გადაწყვეტილებას/დეკლარაციას/რეკომენდაციას, გააკეთა 380-ზე მეტი ეროვნული განცხადება.
„ეუთო-ს ფარგლებში, საქართველომ მხარი დაუჭირა „მოსკოვის მექანიზმის“ გააქტიურებას რუსეთთან მიმართებით. საქართველო ასევე გახდა უკრაინისთვის საერთაშორისო საჩივრების კომისიის დამფუძნებელი კონვენციის ხელმომწერი ქვეყანა. საგარეო საქმეთა მინისტრმა მონაწილეობა მიიღო უკრაინელი ბავშვების დაბრუნების საერთაშორისო კოალიციის მაღალი დონის შეხვედრაში. ქართული მხარე მონაწილეობდა ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის ეგიდით გამართულ შავი ზღვის უსაფრთხოების კონფერენციაში.
საანგარიშო პერიოდში საქართველო კვლავ აქტიურად ახორციელებდა საქართველოში მყოფ უკრაინის მოქალაქეთა მხარდაჭერას სხვადასხვა სოციალური თუ საგანმანათლებლო პროგრამის მეშვეობით. ასევე, უკრაინის ენერგეტიკული საჭიროებების გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობის მიერ უზრუნველყოფილ იქნა გენერატორების მიწოდება ჰუმანიტარული დახმარების სახით“, – ნათქვამია ანგარიშში.