სირიის პრეზიდენტმა აჰმედ ალ შარაამ სატელეფონო საუბარი გამართა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან. იუწყება Reuters.
სირიის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სატელეფონო საუბრის დროს მხარეებმა განიხილეს სირიის ეკონომიკის მხარდაჭერის საკითხი და რეგიონში არსებული უახლესი მოვლენები.
განცხადების თანახმად, საუბარი შეეხო სირიაში ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების გზებსა და ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებს.
საუბრისას აჰმედ ალ შარაამ აღნიშნა, რომ აშშ-ის დარჩენილი სანქციების მოხსნა აუცილებელია სირიის ეკონომიკის აღსადგენად და ინვესტიციების მოსაზიდად.
ამასთან, აშშ აცხადებს, რომ სირიაზე სანქციების ნაწილი კვლავ ძალაში რჩება, მიუხედავად იმისა, რომ დიდი ნაწილი უკვე გაუქმებულია და „ცეზარის აქტიც“ გაუქმდა. ვაშინგტონის თქმით, შეზღუდვები კვლავ მიზანმიმართულად ეხება ბაშარ ალ ასადს და მის გარემოცვას, ასევე იმ პირებსა და ქსელებს, რომლებიც ბრალდებულნი არიან ადამიანის უფლებების დარღვევებში, ნარკოტიკების კონტრაბანდსა და რეგიონში დესტაბილიზაციაში.
აშშ ასევე აცხადებს, რომ განიხილავს სირიის სტატუსს, როგორც „ტერორიზმის მხარდამჭერი სახელმწიფოს“, რაც გავლენას ახდენს უცხოურ დახმარებაზე, სამხედრო ექსპორტსა და ფინანსურ ოპერაციებზე.
ექსპერტების შეფასებით, დარჩენილი სანქციების მოხსნა გადამწყვეტია სირიის ახალი ხელისუფლების წარმატებისთვის. პარალელურად, საუდის არაბეთისა და ყურის სხვა ქვეყნების კომპანიები უკვე გეგმავენ მილიარდობით დოლარის ინვესტიციებს სირიაში ქვეყნის აღდგენის მიზნით.