აშშ ევროპაში განლაგებული სამხედრო ბაზებიდან ჯარების ნაწილის გაყვანის დაჩქარებას განიხილავს და შესაბამის წინადადებებს ნატო-ს მოკავშირეებს ივნისში წარუდგენს, ამის შესახებ Reuters გერმანულ მედიაზე დაყრდნობით იუწყება.
გეგმის მიხედვით, საკითხი ნატო-ს ძალების ფორმირების კონფერენციაზე იქნება განხილული. ამ ეტაპზე უცნობია, კონკრეტულად რომელ ბაზებს შეეხება ცვლილებები და რამდენად დაჩქარდება პროცესის ვადები.
მაისში ვაშინგტონმა უკვე გამოაცხადა გერმანიიდან 5 000 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურის გაყვანის გეგმა. პენტაგონის შეფასებით, პროცესი შესაძლოა 6-დან 12 თვემდე გაგრძელდეს.
ამჟამად გერმანიაში დაახლოებით 35 000 ამერიკელი სამხედროა განთავსებული, რაც აშშ-ის ყველაზე მსხვილ კონტინგენტს წარმოადგენს ევროპაში.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ასევე არ გამორიცხა სამხედროების შემცირება ესპანეთსა და იტალიაში.