31 მაისის ღამეს, რუსეთის ქალაქ სარატოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დრონებმა შეუტიეს, რის შედეგადაც საწარმოს ტერიტორიაზე მასშტაბური ხანძარი გაჩნდა.
Telegram-არხების ცნობით, ქალაქში დაახლოებით ღამის 03:00 საათზე აფეთქებების ხმა გაისმა. ადგილობრივმა მცხოვრებლებმა გაავრცელეს ფოტოები და ვიდეოები, რომლებზეც ქარხნის ტერიტორიაზე ხანძრის რამდენიმე კერა და საწარმოს თავზე აღმართული კვამლის სქელი სვეტია დაფიქსირებული.
წინასწარი ინფორმაციით, დარტყმის შედეგად დაზიანდა იზომერიზაციის დანადგარი.
ადგილობრივ ხელისუფლებას თავდასხმის შედეგებზე ამ დრომდე კომენტარი არ გაუკეთებია. სარატოვის ოლქის გუბერნატორმა რომან ბუსარგინმა მხოლოდ განაცხადა, რომ რეგიონში უპილოტო საფრენი აპარატების საფრთხე არსებობდა.
სარატოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა რუსეთის ნავთობკომპანია Rosneft-ის სტრუქტურაში შედის და ვოლგისპირეთის ერთ-ერთ უძველეს ნავთობგადამამუშავებელ საწარმოს წარმოადგენს. გავრცელებული ცნობებით, ის საწვავით ამარაგებს რუსეთის საოკუპაციო ძალებს.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია როსტოვის ოლქის დასახლება მატვეევ-კურგანში მდებარე ნავთობბაზის დაზიანების შესახებ.